სათვალის შერჩევა ბავშვებში

სათვალის შერჩევა ბავშვებში

მხედველობის ორგანოს სრული გამოკვლევისა და სწორი დიაგნოსტირების შემდეგ იწყება მხედველობის ოპტიკური კორექცია – სათვალის შერჩევა.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

ყველაზე გავრცელებული დაავადებები, რომელთა შემთხვევაშიც საჭირო ხდება სათვალის დანიშვნა ბავშვთა ასაკში, არის ასტიგმატიზმი, ახლომხედველობა და შორსმხედველობა.

  • შორსმხედველობის დროს როგორც წესი სათვალე ინიშნება მუდმივად ტარების მიზნით.
  • ახლომხედველობის შემთხვევაში ძირითადად სათვალე საჭიროა შორს მდებარე საგნების დასანახად, თუმცა თუ მიოპია აღემატება 5-6 დიოპტრიას, სათვალე ინიშნება ახლო მანძილზე ხედვისთვისაც.
  • ასტიგმატიზმის დროს ინიშნება ცილინდრული  მინების მქონე სათვალე განსაზღვრული ტარების რეჟიმით.  უნდა აღინიშნოს, რომ ასტიგმატიზმის დროს სათვალე შეიძლება დაინიშნოს მუდმივი ტარებისათვის ან მხოლოდ ახლო მანძილზე კონკრეტული დავალების შესრულების პერიოდში გამოსაყენებლად.

სათვალის შერჩევამდე აუცილებელია ოკულისტის კონსულტაცია და სწორი კლინიკური დიაგნოზის დასმა. დაუშვებელია სათვალის შერჩევა მხოლოდ კომპიუტერული გამოკვლევის საფუძველზე ექიმის კონსულტაციის გარეშე, რადგან  საბოლოო დიოპტრიული ძალის გამოთვლა ხდება ექიმის მიერ გამოკვლევების შემდეგ და მედიკამენტური ციკლოპლიგიის (აკომოდაციის დროებითი დამბლა) შედეგად, სწორედ ამიტომ სათვალის შერჩევა უნდა მოხდეს სპეციალიზირებულ კლინიკაში და არა ნებისმიერ ოპტიკურ სალონში. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ  დაბალი ხარისხის ლინზების გამოყენებისას, იწყება მიჩვევის პროცესი, ორგანიზმი ოპტიკური აბერაციის კომპენსაციას ახდენს თვალის გადაძაბვით, რასაც მოყვება თავის ტკივილები და მხედველობის შემდგომი გაუარესება.
სწორად შერჩეული სათვალის შემთხვევაში მხედველობის დარღვევის თანხმლები ასთენიური მოვლენები, თავის ტკივილი, სიმძიმის შეგრძნება შუბლის არეში, ასევე ცრემლდენა, თვალების წვა ქრება.

რას უნდა მიექცეს ყურადღება სათვალის შერჩევისას

სათვალის შერჩევა – სათვალის ლინზები

სწორედ სათვალის ლინზები ახდენს რეფრაქციის დარღვევების კომპენსირებას, ამიტომ პირველ რიგში მნიშვნელოვანია ლინზების სწორად შერჩევა.
მახასიათებლები, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ სათვალის ლინზის შერჩევისას

  • ოპტიკური მაჩვენებლები (ცენტრებს შორის დაშორება, დიოპტრია) – მხედველობის სრული გამოკვლევის შემდეგ უნდა მოხდეს ამ მაჩვენებლების მოწოდება სპეციალისტის მიერ.
  • რეფრაქციის კოეფიციენტი (ინდექსი) – ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ზოგადი წესი ასეთია – რაც მაღალია ეს ინდექსი, მით ნაკლებია ლინზის სისქე და ჩაზნექილობა. რაც უფრო ძლიერი ლინზები გესაჭიროებათ, მით ნაკლები იქნება სხვაობა. პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ მაღალი ინდექსის მქონე ლინზები უფრო მსუბუქია, თხელია, იოლად შეურჩევთ სათვალეს ჩარჩოს. თანამედროვე ლინზების ინდექსი მერყეობს 1.5-1.9 -მდე ოპტიკური მინისათვის და 1.5-1.7-მდე ოპტიკური პლასტმასისათვის.
  • სათვალის ლინზის მასალა – დღეისათვის გამოიყენება მინისა და პლასტმასის ლინზები. ერთმნიშვნელოვნად არ შეიძლება რომელიმე მათგანს მიენიჭოს უპირატესობა. პლასტმასის ლინზები მინასთან შედარებით უფრო მსუბუქია და დაზიანებისადმი უფრო მგრძნობიარეა, თუმცა თანამედროვე პლასტმასის ლინზები გამოდის დამცავი საფარით, რაც გამძლეს ხდის დაფხაჭნის მიმართ. გარდა ამისა პლასტმასის ლინზები მეტად უსაფრთხოა გატეხვის შემთხვევაში, ამიტომ რეკომენდირებულია ბავშვებში და ხანდაზმულ პირებში.
  • მინის ლინზების უპირატესობა – რეფრაქციის ინდექსი მინის ლინზებს გაცილებით მაღალი აქვს, ვიდრე პლასტმასისას. ასევე მეტი სიმყარით გამოირჩევა, გარდა დარტყმის შემთხვევებისა. ეს ნიშნავს, რომ ხარისხიანი მინის ლინზები ერთნაირი დიოპტრიის დროს, შესაძლებელია იყოს უფრო თხელი და ბრტყელი, ვიდრე პლასტმასის.
  • ლინზები ანტირეფლექსური დაფარვით  – ეს არის სპეციალური ტექნოლოგია, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სათვალის ლინზების ოპტიკურ მახასიათებლებს. ანტირეფლექსური დაფარვა ზრდის ლინზის გამჭვირვალობას 8-10%-ით. მაღალი გამჭვირვალობისა და ლინზის ვიზუალური დეფექტების არქონის ხარჯზე ანტირეფლექსური დაცვით ლინზები თვალისათვის უფრო კომფორტულია, იწვევს ნაკლებ გადაღლას მხედველობითი დატვირთვის დროს.

სათვალის ჩარჩო

სათვალის ჩარჩოს შერჩევისას უნდა იცოდეთ, რომ ჩარჩო შეიძლება გახდეს ალერგიული რეაქციის მიზეზი, რასაც იწვევს იაფფასიანი მეტალის ჩარჩოები, ამიტომ მიაქციეთ ყურადღება ალერგიულ წინასწარგანწყობას. სათვალის ჩარჩო უნდა იყოს მოხერხებული და სასურველია შეირჩეს სათვალე სილიკონის სამაგრებით, რათა არ გამოიწვიოს ცხვირის ფუძეზე და ყურის უკანა ნაწილზე ზეწოლა. არ უნდა იწვევდეს გადაღლილობას ხანგრძლივი ტარებისას.
და ბოლოს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების შემთხვევაში, სათვალე უნდა მოგწონდეთ.

კონტაქტური ლინზების შერჩევა

თუ ბავშვი მაინც უარს ამბობს სათვალის ტარებაზე, არსებობს ალტერნატივა – კონტაქტური ლინზები, რომელთა გამოყენებისას აუცილებელია რამდენიმე წესის დაცვა

  • კონტაქტური ლინზების დანიშვნა უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის მიერ სწორი დიაგნოსტირების შემდეგ კლინიკაში და არა ოპტიკურ სალონში
  • კონტაქტური ლინზების შეძენა უნდა მოხდეს სპეციალიზირებულ კლინიკაში
  • არანაკლებ მნიშვნელოვანია კონტაქტური ლინზების შენახვისა და მოვლის წესების დაცვა და დაუშვებელია მისი ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება
  • ბავშვებისათვის კატეგორიულად აკრძალულია ძილის პროცესში ლინზების დატოვება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რქოვანას მძიმე დაზიანებები
  • უნდა გახსოვდეთ, რომ ლინზა უცხო სხეულია თვალისათვის, ამიტომ აუცილებელია რეგულარულად ექიმი-ოფთალმოლოგის კონსულტაცია

კონტაქტური ლინზების დანიშვნა არ ხდება მხოლოდ ბავშვის სურვილის მიხედვით, დანიშვნის პირდაპირი ჩვენებაა რეფრაქციათა შორის დიდი სხვაობა, როდესაც ადექვატური სათვალის შერჩევა თითქმის შეუძლებელია. ასევე ეფექტურია მიოპიის, ჰიპერმეტროპიის,  ამბლიოპიის (ზარმაცი თვალის) დროს.
სათვალისა და კონტაქტური ლინზების ტარებისას აუცილებელია სისტემატური ვიზიტი ოფთალმოლოგთან. გადასვლა> ბავშვი 2. ოფთალმოლოგია