პოლინოზი ბავშვებში

პოლინოზი ბავშვებში

პოლინოზი ალერგიული დაავადებაა, რომელიც ყველაზე ხშირად გაზაფხულზე იჩენს თავს. ყვავილობის სეზონის დაწყებასთან ერთად ხეებიდან, ბუჩქებიდან და ბალახებიდან ვრცელდება მცენარეული  მტვერი, რომელიც ძლიერი ალერგენია აღნიშნული  დაავადების მქონე ადამიანებისთვის. იგი მოსახლეობის 8-10% -ს აწუხებს, ძირითადად კი პოლინოზით 8-20 წლამდე ასაკში ავადდებიან. >>>

.

დაავადების შესახებ აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორი, ბავშვთა ალერგოლოგი ნანა შავლაყაძე გვესაუბრა.

– როგორ  მიმდინარეობს და რა სიმპტომები ახასიათებს პოლინოზს?

პოლინოზი ყვავილის მტვერზე ალერგიაა. ამიტომ მას, ძირითადად, მკაცრი სეზონური ხასიათი აქვს. წლის ერთიდაიგივე დროს ახასიათებს ცხვირის გაჭედვა, მრავალჯერადი ცემინება, თვალის სიწითლე და ქავილი, ყელში „უსიამოვნო“ შეგრძნება, ხველება, დაღლილობა, გაღიზიანებულობა, ხანდახან დერმატიტის სიმპტომებიც გამოჩნდება ხოლმე.

– რა გართულებები შეიძლება ჰქონდეს მას?

ხანგრძლივი და მკურნალობის გარეშე დარჩენის შემთხვევაში, პაციენტებს პოლინოზი ხშირად ურთულდებათ სინუსიტებით, ბრონქიტებით და სხვა ინფექციური ხასიათის დაავადებებით.

– როგორ ხდება პოლინოზის დიაგნოსტიკა?

ექიმი ანამნეზით ხშირად ზუსტად სვამს პოლინოზის დიაგნოზს. მაგრამ ეტიოლოგიური ფაქტორის მოძიება ადვილად ხდება პაციენტის პლაზმაში სპეციფიური IgE ანტისხეულების დიაგნოსტიკით.

– როგორ უნდა განვასხვაოთ პოლინოზი გაციებისგან?

პოლინოზის პირველი შემთხვევის დროს შეიძლება იგი გაციებაში ადვილად აგვერიოს, მაგრამ თუ პაციენტს მრავალჯერადი ცემინება აქვს და ექიმი დამატებით საერთო IgE დიაგნოსტიკას ჩაუტარებს პაციენტს, მაშინ მისი გარჩევა გაციებისგან საკმაოდ მარტივად ხდება.

– როგორ დავიცვათ ბავშვები პოლინოზისგან?

პოლინოზის განვითარებაში, განსაკუთრებით, ბავშვთა ასაკში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის წინასწარგანწყობა, ეკოლოგიურად ბინძური გარემო, სხვა სახის ალერგიული დაავადებებისა და ქრონიკული ინფექციური კერების არსებობა, ზოგადად იმუნოკომპრომენტირებული მდგომარეობა. ამიტომ, თუ გვინდა ბავშვების დაცვა პოლინოზისაგან, მაშინ ყველა ჩამოთვლილი ფაქტორების ზეგავლენისგან უნდა დავიცვათ ისინი.

– როგორ ვუმკურნალოთ აღნიშნულ დაავადებას?

მნიშვნელოვანია გავარკვიოთ დაავადების ეტიოლოგიური და თანმხლები რისკ- ფაქტორების არსებობა კონკრეტული პაციენტის შემთხვევაში. ალერგიული დაავადების ყველაზე ეფექტური მკურნალობის მეთოდი პაციენტისა და ალერგენის კონტაქტის დაბლოკვაა, ანუ პაციენტის ორგანიზმში ალერგენის მოხვედრის შეზღუდვა. თუ ეს ვერ შევძელით, მაშინ შეგვიძლია ანტიჰისტამინური და ტოპიკურად გლუკოკორტიკოსტეროიდული პერპარატები ვიხმაროთ.

– რა რეკომენდაციებს მისცემდით პოლინოზით დაავადებული ბავშვების მშობლებს?

მშობლებმა, უპირველეს ყოვლისა, ეტიოლოგიური და თანმხლების დაავადებების ზუსტი დიაგნოსტიკის საშუალება უნდა მისცენ ექიმს. მაქსიმალურად შეეცადონ ბავშვს ყველა ქრონიკული ინფექციური კერა ჰქონდეს სანირებული. ყველაფერი გააკეთონ ბავშვის იმუნური სისტემის რეაბილიტაციისათვის: სპორტი, სუფთა გარემო, ბალანსირებული და ბუნებრივი  საკვები პროდუქტებით კვება, სტრესისგან დაცვა და ა.შ. ალბათ უმჯობესია, ეს ყველაფერი ექიმთან ერთად დაიგეგმოს და ექიმის კონტროლის ქვეშ განხორციელდეს. რეალურად ექიმი ყველაზე უკეთ შეაფასებს და განსაზღვრავს კონკრეტული პაციენტის მკურნალობისა და რეაბილიტაციის საკითხს.

______________________________________

გადასვლა: ელ. გაზეთი ,,მედი”; ალერგოლოგია და იმუნოლოგია; ბავშვა დაავადებები; ნანა შავლაყაძე; ნინო ჩხიტუნიძე;

.