სიელმე ბავშვებში

სიელმე ბავშვებში

სიელმე თვალების მდებარეობის დარღვევაა, რომლის დროსაც ვლინდება ერთი ან ორივე თვალის გადახრა მონაცვლეობით პირდაპირ ყურებისას. თვალის სიმეტრიული მდებარეობისას საგნების გამოსახულება ხვდება ბადურის ცენტრალურ მიდამოს როგორც ერთი, ისე მეორე თვალის დროს. მხედველობის ანალიზატორის ქერქულ ნაწილში ხდება მათი შერწყმა  ერთიან ბინოკულარულ გამოსახულებად, რისი დარღვევაც ხდება სიელმის დროს და ცენტრალური ნერვული სისტემა  გაორებისაგან  დაცვის მიზნით, გამოთიშავს პრობლემურ თვალს, რომელიც ფუნქციონირებს მხოლოდ ჯანმრთელ თვალზე ხელის მიფარებისას. ამგვარი მდგომარეობის ხანგრძლივად არსებობისას ვითარდება დაელმებული თვალის მხედველობის სიმახვილის ფუნქციური დაქვეითება – ამბლიოპია.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

მიზეზები

სიელმის მიზეზი შესაძლოა იყოს როგორც თანდაყოლილი, ისე  შეძენილი ხასიათის: ამეტროპია (შორსმხედველობა, ახლომხედველობა, ასტიგმატიზმი), ტრავმები, ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები, თვალის მამოძრავებელი კუნთების  განვითარებისა და მიმაგრების ანომალიები, მათი პარეზი, ერთი თვალის მხედველობის სიმახვილის მკვეთრი დაქვეითება, ბავშვის ინფექციური და სომატური დაავადებები, სტრესი.

განასხვავებენ სიელმის სხვადასხვა სახეებს:

  • თანდაყოლილი და შეძენილი
  • მუდმივი და პერიოდული

თვალის გადახრის მიხედვით:

ეგზოტროპული – თვალის გარეთ გადახრა
ეზოტროპული – თვალის შიგნით გადახრა
ჰიპერტროპული – თვალის ზევით გადახრა
ჰიპოტროპული –   თვალის ქვევით გადახრა

  • შეუღლებული და პარალიზური

შეუღლებული სიელმე ბავშვთა ასაკის ერთერთი უხშირესი პათოლოგიაა, რომელიც თავის მხრივ იყოფა აკომოდაციურ, ნაწილობრივ აკომოდაციურ და არაკომოდაციურ სიელმედ. აკომოდაციური სიელმე ყველაზე ხშირად ვლინდება 2.5-3 წლის ასაკში, როდესაც ბავშვი იწყებს საგნების, სურათების დათვალიერებას, ხატვას, რისი უხშირესი მიზეზიც ახლომხედველობა, შორსმხედველობა, ასტიგმატიზმია. მაკორეგირებელი სათვალეების ან კონტაქტური ლინზების გამოყენება აპარატული მკურნალობის ფონზე, განაპირობებს თვალის სიმეტრიული მდებარეობის აღდგენას.

ნაწილობრივ აკომოდაციური და არააკომოდაციური სიელმე ვლინდება სიცოცხლის პირველ-მეორე წელს. რეფრაქციის ანომალიები  არ გვევლინება სიელმის განვითარების ერთადერთ მიზეზად. მუდმივი ოპტიკური კორექცია არ იწვევს თვალის კაკლების მდებარეობის სრულ აღდგენას და კომპლექსური მკურნალობა მოიცავს ქირურგიულ ჩარევას.

რაც შეეხება პარალიზურ სიელმეს, რაც განპირობებულია თვალის მამოძრავებელი კუნთის დაზიანებით, რისი მიზეზიც თავის მხრივ შეიძლება იყოს შესაბამისი ნერვის დაზიანება ან თვით კუნთის მორფოლოგიური და ფუნქციური დარღვევები. პარალიზური სიელმე შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ისე შეძენილი, განვითარებული ინფექციური დაავადებების, ტრავმების შედეგად.

სიელმის მკურნალობა

განასხვავებენ სიელმის თერაპიულ და ქირურგიულ მკურნალობას. სიელმის თერაპიული მკურნალობა კომპლექსური და ხანგრძლივია.

სიელმის თერაპიული მკურნალობის ეტაპებია:სიელმე ბავშვებში

  •  სიელმის მიზეზების გამოვლენა, კომპლექსური დიაგნოსტიკა
  •  ადრეული ოპტიკური კორექცია (სათვალეები, კონტაქტური ლინზები)
  •  ორივე თვალის მხედველობის სიმახვილის გაზრდა (ამბლიოპიის მკურნალობა)
  • ორთოპტიკული და დიპლოპტიკური მკურნალობა (ბინოკულარული მხედველობის განვითარება)
  • მონოკულარული და ბინოკულარული ფუნქციის გამყარება
  • სტერეოსკოპიული მხედველობის განვითარება

სიელმის ქირურგიული მკურნალობა

სიელმის საკორექციო ოპერაცია არის რეცესია, როდესაც ხდება თვალის ერთერთი გარეთა კუნთის სკლერაზე მიმაგრების ადგილის უკან გადაწევა ამ კუნთის ფუნქციის შესასუსტებლად ან რეზექცია, რომელიც მოიცავს თვალის მამოძრავებელი კუნთის ნაწილის ამოკვეთას მისი ფუნქციის გაძლიერების მიზნით. სიელმის ქირურგიული მკურნალობა საშუალებას იძლევა აღმოიფხვრას მისი გარეგანი გამოვლინება, თუმცა ყოველთვის არ ხდება მხედველობის სრული აღდგენა. გადასვლა>> ბავშვი; ოფთალმოლოგია


  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.