ჰიპერჰიდროზის მკურნალობა

ჰიპერჰიდროზის მკურნალობა

ჰიპერჰიდროზის მკურნალობა შესაძლებელია, მაგრამ ეს ხანგრძლივი პროცესია და საჭიროებს რამდენიმე განმეორებითი კურსის ჩატარებას და ამავე დროს საკმაო მატერიალურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. სირთულე მდგომარეობს იმაშიც, რომ ექიმებს შორის არ არსებობს ერთიანი აზრი მკურნალობის პრიორიტეტული მეთოდის არჩევასთან დაკავშირებით. დღეისათვის არ არის დაგროვილი საკმარისი მასალა მკურნალობის შედეგების შესახებაც. არსებობს მხოლოდ ერთეული კვლევები და მონოგრაფიები და არ არის ლიტერატურის მიმოხილვები ამ საკითხის ირგვლივ.

აი, ის ძირითადი მეთოდიკები და რეკომენდაციები, რომლებიც შეეხება ჰიპერჰიდროზის მკურნალობას:

  • დიეტა – რაციონიდან უნდა იქნას ამოღებული კოფეინისა და თეობრომინის შემცველი საკვები (ჩაი, ყავა, კაკაო, შოკოლადი, კოლა და სხვ.). ეს ნივთიერებები ასტიმულირებენ ოფლდენას;
  • ჰიგიენური წესების დაცვა – შხაპის მიღება სასურველია დღეში ორჯერ. ტანსაცმელი უნდა იყოს მოხერხებული, თავისუფალი, ნატურალური ან ხელოვნური (ვისკოზა) ბოჭკოებისაგან, ფეხსაცმელი – ტყავისაგან დამზადებული და შესაფერისი ზომის. არ შეიძინოთ სინთეტური ქსოვილისაგან დამზადებული ტანსაცმელი!
  • ჩვეულებრივი დეზოდორების/ანტიპერსპერანტების ნაცვლად სასურველია ალუმოქლორიდების ყოველდღიური გამოყენება (დრისოლი, ოდობანი, მაქსიმი). სამწუხაროდ, ზოგჯერ კანის გაღიზიანების გამო საჭირო ხდება მკურნალობის შეწყვეტა;
  • ელექტროფორეზი – სასურველია სეანსების ჩატარება კვირაში ერთხელ. ეფექტი ჩვეულებრივ კარგია და გამოიხატება 8-9 სეანსის შემდეგ;
  • სამკურნალო პრეპარატებიდან უნდა აღინიშნოს ატროპინი, პროპრანოლოლი, კლონოპინი, პროზაკი და სხვ. ამ პრეპარატების ეფექტური დოზების გამოყენებას ხშირად ახლავს პირის სიმშრალე, ძილიანობა, მხედველობის დარღვევა, გლაუკომის განვითარება, ყაბზობა, პირღებინება, ტაქიკარდია და სხვ.;
  • А ბოტულოტოქსინის ინექციები იძლევა კარგ და სტაბილურ შედეგს იღლიის ფოსოს ჰიპერჰიდროზის დროს, მაგრამ საჭირო ხდება ინექციების გამეორება ყოველ 6-8 თვეში;
  • სიმპათექტომიის სხვადასხვა სახეები – ოპერაცია მდგომარეობს საოფლე ჯირკვლების მაინერვებელი ნერვების გადაკვეთაში (შეუქცევადი სიმპათექტომია) ან გადაჭერაში (შექცევადი სიმპათექტომია). ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია იღლიის ფოსოს და ხელისგულების ოფლიანობის დროს. გაუმჯობესება აღენიშნება ავადმყოფების 40-80%-ს. ეფექტი გრძელდება რამდენიმე წელი.

გვერდითი მოვლენები: ოფლის გამოყოფის კომპენსატორული გაძლიერება, ოფლიანობა საკვების მიღების შემდეგ, ქუთუთოს ფტოზი, არითმიები და სხვ.

  • იღლიის ფოსოს კიურეტაჟის სხვადასხვა სახეები – ეს არის კანის გამოფხეკა შიგნიდან პატარა ზომის განაკვეთიდან მიდგომით. იგი ნაჩვენებია იღლიის ფოსოს იზოლირებული ჰიპერჰიდროზის დროს. პაციენტების უმრავლესობას ოფლის გამოყოფა უმცირდება ან საერთოდ უწყდება. გარკვეული დროის შემდეგ (დაახლოებით 6 თვის შემდეგ) ხდება ოფლის გამოყოფის აღდგენა.

გართულებები: კანის ნაწიბუროვანი ცვლილებები, კანის ნეკროზი, არასაკმარისი გამოფხეკა.

  • ჰიპერჰიდროზის ზონაში კანის ნაწილის მოშორება – გამოიყენება იღლიის ფოსოს ოფლიანობის დროს. იძლევა ასპროცენტიან შედეგებს კანის დიდი ზომის ნაფლეთის მოცილების შემთხვევაში. თუმცა, ზოგჯერ შეიძლება ადგილი ქონდეს უხეშ ნაწიბუროვან პროცესებს და ზედა კიდურის მოძრაობაში შეზღუდვას.

წყარო: www.medportal.ge

____________________________________

გადასვლა >>>> ,,ოფლიანობა”

..