ჩიხუახუა

პოსტის ადმინი არჩილ შენგელია
ძაღლის ჯიში: ჩიხუახუა
წარმომავლობა: მექსიკა
ფერი:  თეთრი, შავი, ჩალისფერი და ბევრი სხვა ფერი
ბეწვის ტიპი: მოკლე და გრძელბეწვიანი
სიმაღლე: ხვადი –  15 – 25 სმ;  ძუ – 15 – 25 სმ
წონა: ხვადი – 1.8 – 2.7 კგ;  ძუ – 1.8 – 2.7 კგ
ლეკვების რაოდენობა: ჩვეულებრივ 2 – 5 ლეკვი
სიცოცხლის ხანგრძლივობა: 12 – 20 წელი

წარმოშობის ისტორია:

ჩიხუახუას წარმოშობის ისტორია ბურუსითაა მოცული და ბევრი თეორია არსებობს ძაღლის ამ ჯიშის წარმომავლობასთან დაკავშირებით. ფოლკლორული, ისევე, როგორც არქეოლოგიური აღმოჩენები მოწმობს იმას, რომ ჯიში წარმოიშვა მექსიკაში. ყველაზე მეტად სარწმუნო თეორია კი მდგომარეობს იმაში, რომ ჩიხუახუა წარმოიშვა ე.წ. ”ტეჩიჩი”-სგან (Techichi), რომელიც წარმოადგენდა მექსიკაში არსებული ტოლტეკების ცივილიზაციის მფარველობაში მყოფ კომპანიონ ძაღლს და ასე გამოიყურებოდა:

ჩანაწერები ტეჩიჩის შესახებ არაა შემონახული 9-ე საუკუნემდე, თუმცა მიიჩნევა, რომ მექსიკაში, კოლიმაში აღმოჩენილ ქოთნებზე, რომლებზეც ძაღლებია აღბეჭდილი და თარიღდება ჩვ.წ.აღ-მდე 300 წლით, სწორედ ტეჩიჩია გამოსახული.

ქოთნები ძაღლის გამოსახულებით, რომლებიც აღმოაჩინეს აშშ-ში: ჯორჯიისა და ტენესის შტატებში, თარიღდება ჩვ.წ. აღ-ით 1325 წლით და ეკუთვნის ჩიხუახუას. ერნან კორტესი 1520 წელს დაწერილ წერილში წერდა, რომ აცტეკები აშენებდნენ და ყიდდნენ პატარა ძაღლებს, როგორც საკვებს. მე-19 საუკუნის დასაწყისის კოლონიური ჩანაწერები აღწერს პატარა, თითქმის უბეწვო ძაღლებს. ამ ჩანაწერებიდან ერთ-ერთი ადასტურებს, რომ მე-16 საუკუნის კონკისტადორებმა ასეთი ძაღლები საკმაოდ დიდი რაოდენობით აღმოაჩინეს იმ რეგიონში, რომელსაც დღეს უკვე ჩიხუახუა ეწოდება.

მიჩნეულია, რომ ჩიხუახუას ჯიშის წინაპარი აღმოჩენილია 1850 წელს მექსიკის არქეოლოგიურ ძეგლ კასას გრანდეს-ის (ესპ. Casas Grandes) ნანგრევებში მექსიკის შტატ ჩიხუახუაში, რომლისგანაც ძაღლის ეს ჯიში იღებს სახელწოდებას. ქოთანი ე.წ. ”ირმის თავიანი” ჩიხუახუას გამოსახულებით, რომელიც აღმოჩენილია კასას გრანდესში და თარიღდება ჩვ.წ.აღ-ით 1100-1300 წლით, წარმოაჩენს ძაღლის ამ ჯიშის გრძელ ისტორიას ამ ტერიტორიაზე. ასევე არქეოლოგიურ ძეგლად აღიარებულ ტრეს საპოტეს-ში (ესპ. Tres Zapotes), რომელიც მექსიკაში, ვერაკრუზში მდებარეობს, აღმოჩენილია ბორბლებიანი ძაღლის სათამაშო, რომელიც თარიღდება ჩვ.წ.აღ-ით 100 წლით და თანამედროვე ჩიხუახუას გარეგნობისა და ზომის იდენტურია. ეს ფაქტი იმის არაპირდაპირი მტკიცებულებაა, რომ ეს ჯიში მექსიკაში პირველი ევროპელების გამოჩენამდე 1400 წლით ადრე არსებობდა. ჩიხუახუა მუდმივად პოპულარული იყო, განსაკუთრებით კი აშშ-ში, სადაც ძაღლის ამ ჯიშის პირველი აღიარება მოხდა ამერიკული კენელ კლუბის მიერ 1904 წელს.

ქცევა და ხასიათი:

ზოგადად, ჩიხუახუა შესაძლოა ადვილად გაღიზიანდეს და გადავიდეს შეტევაზე, ამიტომ ისეთ ოჯახებში, სადაც პატარა ბავშვები არიან, მათი ყოლა არაა მიზანშეწონილი. ძაღლის ამ ჯიშს ახასიათებს უსაშველო ერთგულება და შეჩვევა ერთი კონკრეტული პატრონისადმი და ზოგ შემთხვევებში შეიძლება ადამიანის მიმართ ზედმეტი მზრუნველობაც (დაცვაც) და ეჭვიანობაც კი გამოხატოს, განსაკუთრებით კი სხვა ადამიანებთან ან ცხოველებთან მიმართებაში. ჩიხუახუა ყოველთვის ვერ ეწყობა ძაღლის სხვა ჯიშებს და აქვს ე.წ. ”კლანური” ბუნება, იგი ჩიხუახუებთან ან მათ მეტისებთან ურთიერთობას ამჯობინებს სხვა ჯიშის ძაღლებთან ყოფნას.

ჩიხუახუა თავისი ზომის მიუხედავად, ძალიან ამაყი და ჯიუტია. ითხოვს ყურადღებასა და მოფერებას. გაბრაზების, აღელვებისა თუ შეციების დროს იწყებს კანკალს. ასევე არის ძალიან ხმაურიანი, ამიტომ ყეფას ნუ შეაჩვევთ.

მოვლა:

როგორც აღწერილობაშია მოცემული, არსებობს ორი ტიპის ჩიხუახუა: მოკლე და გრძელბეწვიანი. ბეწვი ადვილი მოსავლელია. გრძელბეწვიან ჩიხუახუას ბეწვი ყოველდღე უნდა დავარცხნოთ. მოკლებეწვიანს – უფრო იშვიათად. შეგიძლიათ, კარგად გაწურული ჩვრითაც გაწმინდოთ. აბანავეთ თვეში ერთხელ, გაუფრთხილდით, რომ წყალი არ ჩაუვიდეს ყურებში.

ძაღლის ეს ჯიში, განსაკუთრებით კი მოკლებეწვიანი ჩიხუახუა ცუდად იტანს სიცივეს,ამიტომ მისთვის აუცილებელია თბილად ჩაცმა. ამ ძაღლის ხელში აყვანილი ტარება ძალზედ სასიამოვნოა, თუმცა მისთვის უკეთესია, თუ სეირნობისა და გარემოს შესწავლის საშუალებას მისცემთ. გაასეირნეთ იგი პარკში და ავარჯიშეთ მოკლე მანძილზე სიარულში. საყელურის ნაცვლად, ჯობს ატაროთ სპეციალური შესაბმელით, ასე უფრო უსაფრთხოდ იქნება. როცა ეშინია, ჩიხუახუამ იცის გახტომა, ამიტომ ფრთხილად იყავით, როცა ხელში გიჭირავთ. მოერიდეთ ასევე მის ზედმეტად გამოკვებას, რადგან შედეგად ძაღლის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნით, რამაც მისი სიცოცხლის შემოკლებამდე და დიაბეტის განვითარებამდე შეიძლება მიგვიყვანოს.

ჯანმრთელობა:

ჩიხუახუასათვის დამახასიათებელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემდეგი პრობლემები:

ჰიდროცეფალია – სითხის დაგროვება თავის ტვინის ღრუებში, რის შედეგადაც თავი უჩვეულოდ სივდება.

ჩაღრმავებული უბანი თავის ქალაზე, ე.წ. ყიფლიბანდი – ზოგიერთ ჩიხუახუას თავზე ხელს თუ დააჭერთ, შეიგრძნობთ რბილ და მრგვალ ღრუს კანქვეშ, ნათხემზე. ასეთი აქვთ ახალშობილებს (ყიფლიბანდი), თუმცა მათი ძვლების კიდეები მალე ერთდება. მიუხედავად ამისა, ლეკვობის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ძალიან დიდი ყურადღება და მოვლაა საჭირო, სანამ თავის ქალის სრული ფორმირება არ მოხდება.

ჰიპოგლიკემია – სისხლში შაქრის (გლუკოზის) შემცველობის დაწევა. ეს განსაკუთრებით საშიშია ლეკვებისათვის. უყურადღებობის შემთხვევაში, ჰიპოგლიკემიამ შეიძლება გამოიწვიოს კომა და სიკვდილი. ჰიპოგლიკემიის სიმპტომებია: ძილიანობა, ლეთარგია (მდგომარეობა, რომელიც ჰგავს ღრმა ძილს; შესაძლოა გრძელდებოდეს რამდენიმე საათს ან დღეს), ენერგიის არქონა, არაკოორდინირებული სიარული, თვალების ფოკუსის უქონლობა, კისრის კუნთების სპაზმები, გულის წასვლა.

თვალის დაავადებები: მშრალი ჰაერის, მტვრისა და სხვადასხვა ალერგენების გამო შესაძლოა ჩიხუახუას თვალები გაუღიზიანდეს და სითხე წამოუვიდეს. თვალების ყოველდღიური წმენდა თავიდან აგაცილებთ და შეამცირებს დაავადებების რისკს.

კბილების მოვლა: ჩიხუახუებს ზოგჯერ აქვთ კბილებთან დაკავშირებული პრობლემებიც, რაც უკავშირდება მათ მიერ საკვების ამორჩევით მიღებას. ძაღლს კბილები რომ კარგ მდგომარეობაში ჰქონდეს, რეგულარულად გაუწმინდეთ.

ჩიხუახუა საქართველოშიც იყიდება და მისი ფასი 300 – დან 700 დოლარამდე მერყეობს. (მონაცემები აღებულია ვებ-გვერდიდან mymarket.ge)

წყარო:  ვიკიპედია
პაულ მაკგრივი, ელიზაბეტ ჯინისი – ძაღლები
დევიდ ალდერტონი – როგორ შევარჩიოთ ძაღლი

აღებულია: https://canophilia.wordpress.com/category/დეკორატიული-ძაღლები/

____________________________________________

გადასვლა >>>> შეზღუდული შესაძლებლობების პირთა დახმარების ინოვაციური საშუალებები

..

Share this...Share on Facebook
Facebook