ლალი დათეშიძე
შავი ჭირი – მწვავე ბუნებრივ-კეროვანი ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს შავი ჭირის ჩხირი – Yersinia pestis. მიეკუთვნება განსაკუთრებით საშიშ ინფექციებს.
ეტიოლოგია, პათოგენეზი. შავი ჭირის გამომწვევი მდგრადია დაბალი ტემპერატურების მიმართ, კარგად ძლებს ნახველში, მაგრამ 550 C დროს იღუპება 10-15 წუთის განმავლობაში, ხოლო დუღილისას – პრაქტიკულად დაუყონებლივ. ორგანიზმში ხვდება კანის, სასუნთქი გზების, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსების, კონიუნქტივის გავლით. შავი ჭირის ბაქტერიებით დასნებოვნებული რწყილების კბენის დროს ნაკბენის ადგილზე შესაძლებელია წარმოიქმნას პაპულა ან პუსტულა, ავსებული ჰემორაგიული შემცველობით (კანის ფორმა). შემდეგ პროცესი ვრცელდება ლიფური ძარღვებით, ლიმფანგიტის გამოვლინების გარეშე. ბაქტერიების გამრავლება ლიმფური კვანძების მაკროფაგებში იწვევს მათ მკვეთრ გადიდებას, შერწყმას და კონგლომერატის წარმოქმნას (ბუბონური ფორმა). ინფექციის გენერალიზაციამ, რომელიც არ წარმოადგენს მკაცრ აუცილებლობას, განსაკუთრებით თანამედროვე ანტიბიოტიკოთერაპიის პირობებში, შესაძლებელია გამოიწვიოს სეპტიკური ფორმა, რასაც თან ახლავს პრაქტიკულად ყველა შინაგანი ორგანოს დაზიანება.
სიმპტომები, მიმდინარეობა. შავი ჭირის ბუბონური ფორმა ხასიათდება კონგლომერატების მკვეთრი მტკივნეულობით, ხშირად საზარდულის ლიმფური კვანძებისა ცალ მხარეზე. ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 2-6

დღეს. რამდენიმე დღის განმავლობაში კონგლომერატის ზომები მატულობს, მის ზევით კანი ჰიპერემიულია. ამავდროულად ვლინდება სხვა ჯგუფის ლიმფური კვანძების გადიდებაც – მეორადი ბუბონები. პირველადი კერის ლიმფური კვანძები რბილდება, მათი პუნქციით ღებულობენ ჩირქოვან ან ჰემორაგიულ შემცველობას, რომლის მიკროსკოპული ანალიზი ავლენს დიდი რაოდენობით გრამუარყოფით ჩხირებს. ანტიბაქტერიული თერაპიის ჩაუტარებლობის დროს დაჩირქებული ლიმფური კვანძები იხსნება. შემდეგში კი ხდება ნაწიბურების თანდათანობითი შეხორცება. ავადმყოფთა

მდგომარეობა თანდათანობით მძიმდება, სწრაფად ვლინდება მაღალი ცხელება; ზოგჯერ პირველ დღეებში ავადმყოფთა მდგომარეობა რჩება დამაკმაყოფილებელი. ამასთან ნებისმიერ მომენტში შავი ჭირის ბუბონურმა ფორმამ შესაძლებელია გამოიწვიოს პროცესის გენერალიზაცია და გადავიდეს მეორად-სეპტიკურ ან მეორად-ფილტვისმიერ ფორმაში. ასეთ შემთხვევებში ავადმყოფის მდგომარეობა ძალიან სწრაფად მძიმდება. ინტოქსიკაციის სიმპტომები მატულობს ყოველ საათში. ძლიერი შემცივნების შემდეგ ტემპერატურა აღწევს მაღალ ციფრებს; აღინიშნება სეფსისის ყველა ნიშანი: კუნთების ტკივილი, მკვეთრი სისუსტე, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ცნობიერების დამუხრუჭება, ზოგჯერ ძლიერი აგზნება, უძილობა. პნევმონიის განვითარებასთან ერთად მატულობს ციანოზი, ვლინდება ხველა ქაფიანი სისხლიანი ნახველით, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით შავი ჭირის ჩხირებს; სწორედ ეს ნახველი წარმოადგენს ადამიანიდან ადამიანზე დასნებოვნების წყაროს, პირველადი ფილტვისმიერი შავი ჭირის განვითარებით. შავი ჭირის სეპტიკური და ფილტვისმიერი ფორმა მიმდინარეობს როგორც მძიმე სეფსისი, დისემინირებული სისხლძარღვშიგა შედედების სინდრომის გამოვლინებით: შესაძლებელია წვრილი სისხლჩაქცევები კანზე, სისხლდენები კუჭ-ნაწლავიდან, გამოხატული ტაქიკარდია, არტერიული წნევის სწრაფად

დაცემა, რომელიც მოითხოვს კორექციას. აუსკულტაციით – ორმხრივი კეროვანი პნევმონიის სურათი. პირველადი სეპტიკური ან პირველადი ფილტვისმიერი ფორმის კლინიკური სურათი პრინციპულად არ განსხვავდება მეორადი ფორმისაგან, მაგრამ პირველად ფორმებს არაიშვიათად აქვთ შედარებით ხანმოკლე ინკუბაციური პერიოდი – რამდენიმე საათამდე.
დიაგნოზი. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეპიდემიოლოგიურ ანამნეზი, ლაბორატორიული დიაგნოსტიკა.
მკურნალობა. აუცილებელია დაუყონებლივი ჰოსპიტალიზაცია ინფექციური სტაციონარის ბოქსში. შავი ჭირის ბუბონური ფორმის დროს ავადმყოფს კუნთებში უკეთდება ანტიბიოტიკები. ინტოქსიკაციის დროს ვენაში კეთდება მარილოვანი ხსნარები, ჰემოდეზი. არტერიული წნევის დაცემა ბუბონური ფორმის დროს განიხილება როგორც პროცესის გენერალიზაციის ნიშანი, სეფსისის ნიშანი; ამასთან წარმოიქმნება რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობა. მდგომარეობის გაუმჯობესების დროს ანტიბიოტიკების დოზას ამცირებენ. ჰემორაგიის განვითარებისას დაუყონებლივ იწყებენ დისემინირებული სისხლძარღვშიგა შედედების სინდორმის კუპირებას: ტარდება პლაზმოფერეზი.
პროგნოზი. თანამედროვე თერაპიის პირობებში სიკვდილი ბუბონური ფორმის დროს არ აღემატება 5-10%-ს; გამოჯანმრთელების პროცენტი მაღალია, თუკი მკურნალობა დროულადაა დაწყებული.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
- http://www.nlm.nih.gov/medlineplus/encyclopedia.html, www.medline.cos.com, http://ecopharm.sangu.ge, http://gps.iatp.org.ge, www.caumed.net
Viewed 1938 times by 1056 viewers



