სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

შარდის გამომყოფი სისტემის დაავადებები

თირკმლის კოლიკა – სინდრომი, რომელიც აღინიშნება თირკმელების რიგი დაავადებების დროს და ვლინდება წელის არეში მწვავე ტკივილით.

ეტიოლოგია, პათოგენეზი. თირკმლის კოლიკის განსაკუთრებით ხშირი მიზეზებია თირკმელკენჭოვანი დაავადება, ჰიდრონეფროზი, ნეფროპტოზი, რომლის დროსაც ირღვევა ზედა შარდგამომყოფი გზების უროდინამიკა. თირკმლის კოლიკა შეიძლება გამოიწვიოს შარდსაწვეთის ობსტრუქციამ სისხლის შენადედით, თირკმელების ტუბერკულოზის დროს კაზეოზური მასებით, სიმსივნით, ასევე პოლიკისტოზითა და თირკმელების და შარდსაწვეთების სხვა დაავადებით. წამყვანი როლი სიმპტომთკოპლექსის განვითარებაში ეკუთვნის საშარდე გზების სპაზმს, იშემიას, თირკმლის ფიბროზული კაფსულის გაჭიმვასა და მენჯ – თირკმლის რეფლუქსს.

სიმპტომები, მიმდინარეობა. შეტევა ვითარდება მოულოდნელად ძლიერი ტკივილით წელის არეში; ზოგჯერ მას წინ უძღვის დისკომფორტი თირკმლის მიდამოში; სიარული, სირბილი, სიმძიმის აწევა ხშირად ახდენს შეტევის პროვოცირებას, მაგრამ შესაძლოა წარმოიქმნას მოსვენებით მდგომარეობაშიც. ტკივილის ინტენსივობა მატულობს, ავადმყოფი მოუსვენრადაა, ადგილს ვერ პოულობს, კვნესის ხმამაღლა, ხელით უჭირავს მტკივნეული გვერდი. ტკივილი ლოკალიზებულია წელის არეში, მაგრამ შემდეგში გადაინაცვლებს ქვევით, შარდსაწვეთის მიმართულებით, ირადირებს საზარდულში და სასქესო ორგანოებში. შარდის გამოკვლევით, როგორც წესი, ვლინდება ერითროციტები და მცირე რაოდენობის ცილა, ზოგჯერ კონკრემენტები, მარილები, სისხლის შენადედები. ხშირად შარდსაწვეთის კენჭის დროს თირკმლის კოლიკას თან ახლავს ტკივილი მუცელში, ნაწლავის პარეზი. ასეთ შემთხვევებში საჭირო ხდება დიფერენციალური დიაგნოზის გატარება აპენდიციტთან, ქოლეცისტიტთან, ნაწლავურ გაუვალობასთან და პანკრეატიტთან, რაც საკმაოდ ძნელია, მით უმეტეს, რომ შეტევას ხშირად თან ახლავს გულისრევა და ღებინება, ხოლო შარდში ერითროციტების რაოდენობა არ გამორიცხავს აპენდიციტის არსებობას. თუკი კენჭი მცირე ზომისაა და ლოკალიზებულია შარდსაწვეთის ქვედა ნაწილში ან თირკმლის კოლიკა დაკავშირებულია ქვიშის გამოსვლასთან, ვითარდება ხშირი, მტკივნეული მოშარდვა. შეტევას შესაძლებელია თან ახლდეს შემცივნება, ტემპერატურის მატება, ტაქიკარდია, ლეიკოციტოზი, ედს – ის მომატება. იგი შესაძლებელია სწარაფად დამთავრდეს ან გაგრძელდეს რამოდენიმე საათი. თირკმლის კოლიკის დიაგნოზის დადგენა ხდება ტკივილის დამახასიათებელი ლოკალიზაციითა და ირადიაციით, რომელიც ძლიერდება თირკმლის არის პალპაციითა და შერხევით; ასევე შარდის გამოკვლევით. თირკმელკენჭოვანი დაავადებისა და ჰიდრონეფროზის დროს შეტევა შესაძლებელია განვითარდეს როგორც დღისით, ასევე ღამით, ნეფროპტოზის დროს ტკივილი უფრო ხშირად წარმოიქმნება დღისით. ქრომოცისტოსკოპიის დროს შეტევისას ინდიგოკარმინი მტკივნეულ მხარეზე არ გამოიყოფა, ან მისი გამოყოფა მნიშვნელოვნად იგვიანებს. ზოგჯერ შარდსაწვეთის მიდამოში ჩანს ბულოზური შეშუპება, სისხლჩაქცევა; შეტევის გარეშე პერიოდში ჰიდრონეფროზის დროს ინდიგოკარმინის გამოყოფა ყოველთვის დაგვიანებულია, ხოლო ნეფროპტოზის დროს, როგორც წესი, ნორმალურია. ვენური უროგრაფია განსაკუთრებით ფასეული მეთოდია თირკმლის კოლიკის დიაგნოსტიკაში და მუცლის ღრუს ორგანოების ქირურგიულ დაავადებებთან დიფერენციალური დიაგნოზის გატარებისას.

მკურნალობას იწყებენ სითბოს გამოყენებით (სათბურა, აბაზანები), სპაზმოლიზური და გამაყუჩებელი საშუალებებით. გახანგრძლივებული შეტევის დროს მიზანშეწონილია სათესლე ბაგირაკის ნოვოკაინიანი ბლოკადა დაზიანებულ მხარეზე. თირკმლის კოლიკის დროს, რომელსაც თან ახლავს ტემპერატურის მომატება, საჭიროა ჰოსპიტალიზაცია უროლოგიურ განყოფილებაში, სადაც სამკურნალო მიზნებით შესაძლებელია ჩატარდეს შარდსაწვეთის კათეტერიზაცია.

პროგნოზი დროული და ადეკვატური მკურნალობისას კეთილსაიმედოა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1196 times by 657 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka