სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ინფექციური დაავადებები

typhoidტიფ-პარატიფული დაავადებები – (მუცლის ტიფი, პარატიფები А და В) – მწვავე ინფექციური დაავადებების ჯგუფი, გადაცემის ფეკალურ-ორალური მექანიზმით; დაავადებებს იწვევენ სალმონელები და აქვთ მსგავსი კლინიკური გამოვლინებები. ხასიათდებიან ცხელებით, ზოგადი ინტოქსიკაციით, ბაქტერიემიით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით, ენტერიტით და ნაწლავის ლიმფური აპარატის თავისებური დაზიანებით. მიეკუთვნება ნაწლავურ ანთროპონოზებს. ინფექციის ძირითად წყაროს წარმოადგენენ სალმონელების ქრონიკული ბაქტერიომტარებლები.

ეტიოლოგია, პათოგენეზი. დაავადებას იწვევს სალმონელების რამდენიმე სახე – Salmonella typhi, S. Paratyphi A, S. schottmulleri. . ინფიცირებადი დოზა მერყეობს 1- მლნ-დან 1 მლრდ მიკრობულ უჯრედამდე. გამომწვევის ჩანერგვა ხდება წვრილ ნაწლავში, სადაც ვითარდება სპეციფიკური ენტერიტი. ზიანდება წვრილი ნაწლავის ლიმფური წარმონაქმნები და მეზენტერული ლიმფური კვანძები. დაავადების პირველივე დღეებიდანვე შესაძლებელია სისხლიდან გამომწვევის

1048

გამოყოფა. სალმონელები დაშლისას გამოიყოფენ ენდოტოქსინს, რომელიც განაპირობებს ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს წვრილი ნაწლავის წყლულების, ლეიკოპენიის გენეზში, შესაძლებელია განაპირობოს ინფექციურ-ტოქსიკური შოკის განვითარება.

სიმპტომები, მიმდინარეობა. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 1-დან 3 კვირამდე. ტიპიურ შემთხვევებში დაავადება იწყება თანდათანობით. მატულობს სისუსტე, თავის ტკივილი, ინტოქსიკაციის სიმპტომები, ყოველდღიურად მატულობს სხეულის ტემპერატურა და უმაღლეს ციფრებს აღწევს დაავადების მე-7-9 დღეზე. აღინიშნება შეკრულობა, მეტეორიზმი. პარატიფის დროს დაავადების დასაწყისში შესაძლებელია მწვავე გასტროენტერიტის სიმპტომები. A პარატიფის დროს ვლინდება სასუნთქი გზების კატარის ნიშნები. დაავადების გაჩაღების პერიოდში აღინიშნება ტიპიური მუცლის ტიფისებური ეგზანთემა. იგი წარმოადგენს ერთეულ როზეოლებს დიამეტრით 3-6 მმ, რომლებიც წამოწეულია კანის დონიდან და აქვთ მკაფიო საზღვრები. 3-5 დღის შემდეგ როზეოლები უკვალოდ ქრებიან. შესაძლებელია პერიოდულად გამოვლინდეს გამონაყრის ახალი ელემენტები. აღინიშნება შეფარდებითი ბრადიკარდია, შესაძლებელია პულსის დიკროტია, არტერიული წნევა დაქვეითებულია, გულის ტონები მოყრუებული. ფილტვებში მოისმინება გაფანტული მშრალი ხიხინი; ენა მშრალია, დაფარულია მკვრივი მოყავისფერო ნადებით. ენის კიდეები და წვერი სუფთაა, აღინიშნება კბილების ნაჭდევები. მუცელი შებერილია, აღინიშნება უხეში ყურყური ბრმა ნაწლავში და მტკივნეულობა მარჯვნივ თეძოს ქვეშა არეში. ღვიძლი და ელენთა გადიდებულია. დაავადების პიკის დროს მცირდება ლეიკოციტების რიცხვი პერიფერიულ სისხლში, განსკუთრებით ნეიტროფილების და ეოზინოფილების. ედსი ნორმალური ან ზომიერად მომატებულია (20 მმ/სთ). შარდში ცილის ნიშნებია. განსაკუთრებით საშიში გართულებებია ნაწლავის წყლულების პერფორაცია და ნაწლავიდან სისხლდენა. შესაძლებელია განვითარდეს პნევმონია, ინფექციური ფსიქოზი, მწვავე ქოლეცისტიტი, იშვიათად სხვა დაზიანებები. ნაწლავის პერფორაცია ვითარდება დაახლოებით ავადმყოფთა 0,5-8%-ში დაავადების მე-11 დღიდან 25-ე დღემდე პერიოდში. უკანასკნელ დროს ნაწლავის პერფორაცია ხშირად ვითარდება ნორმალური ტემპერატურის და ავადმყოფის კარგი მდგომარეობის ფონზე, არაიშვიათად მოძრაობითი რეჟიმის გაფართოებისას. იგი იწყება უეცრად, მუცელში მწვავე ტკივილით, კუნთების დაჭიმვით, პერიტონეუმის გაღიზიანების სიმპტომებით. აღინიშნება აირები მუცლის ღრუში, ღვიძლის მოყრუების საზღვრების შემცირება. პერფორაციის ეს საწყისი მოვლენები შესაძლებელია შემცირდეს, რაც ართულებს ადრეულ დიაგნოსტიკას (თუკი არ ჩატარდა ოპერაცია პირველ 6 საათის განმავლობაში) ვითარდება პერიტონიტის სურათი – ღებინება, მზარდი მეტეორიზმი, სხეულის ტემპერატურის მომატება, ტაქიკარდია, პერიტონეუმის გაღიზიანებადობის სიმპტომების მატება, მუცლის ღრუში სითხის გაჩენა, ლეიკოციტოზი. სისხლდენა ნაწლავებიდან ვლინდება განავალში შეცვლილი სისხლის შერევით ან შინაგანი სისხლდენის მწვავედ განვითარებული სიმპტომებით. ანტიბიოტიკების ნაადრევად მოხსნის დროს რეციდივების სიხშირე აღწევს 20-30%-ს. რეციდივები ზოგჯერ წარმოიქმნება 1-2 კვირაში სხეულის ტემპერატურის ნორმალიზაციიდან. ქრონიკული ბაქტერიამტარებლობა ვითარდება ავადმყოფთა დაახლოებით 3-5%-ში.

ტიფ-პარატიფული დაავადებების კლინიკური დიაგნოსტიკა საწყის პერიოდში საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით კი მსუბუქ, ატიპიურ შემთხვევებში. ამ პერიოდში დიაგნოზის დამადასტურებელია გამომწვევის გამოყოფა ან სისხლში მისი აღმოჩენა. ტიპიურ კლინიკური სურათის დროს დიაგნოსტიკა რთული არ არის. დაავადების გვიან პერიოდებში შესაძლებელია გამოყენებული იქნას სეროლოგიური რეაქციები, დათესვა.

მკურნალობა. ინიშნება ანტიბიოტიკები. მძიმე ფორმების დროს ანტიბიოტიკებთან ერთად ინიშნება გლუკოკორტიკოიდები ხანმოკლე კურსებით; გამოიყენება პათოგენეტიკური თერაპია (ვიტამინები, ოქსიგენოთერაპია, ვაქცინოთერაპია). ნაწლავური სისხლდენის დროს აუცილებელია აბსოლუტური სიმშვიდე, ყინული მუცელზე, ვიკასოლი.  ნაწლავის პერფორაციის დროს – გადაუდებელი ოპერაციული ჩარევა. ქრონიკული ბაქტერიამტარებლობის მკურნალობა შემუშავებული არ არის.

პროგნოზი მკურნალობის თანამედროვე მეთოდებით კეთილსაიმედოა. მძიმე ფორმებისა და გართულებების დროს (განსაკუთრებით ნაწლავის პერფორაცია) პროგნოზი უარესია. შრომისუნარიანობა აღდგება დაავადების დაწყებიდან 1,5-2 თვის შემდეგ.

პროფილაქტიკა. კვებაზე და წყლით მომარაგებაზე სანიტარული მეთვალყურეობა. რეკონვალესცენტებს გამოწერენ შარდისა და განავლის სამჯერადი ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის შემდეგ და ნაღვლის ერთჯერადი გამოკვლევის შემდეგ. კერაში ტარდება დეზინფექცია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1399 times by 673 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka