აპითერაპია

აპითერაპია

აპითერაპია (Apis -ფუტკარი, terapia – მკურნალობა) – მკურნალობა ფუტკრის პროდუქტებით. გამოიყენება თაფლი, ფუტკრის შხამი, დინდგელი, ჭეო, ყვავილის მტვერი, ფუტკრის რძე, მკვდარი ფუტკრები (პოდმორ). აპითერაპია არსებობს უძველესი დროიდან და მის მიმართ ინტერესი არ შემცირებულა, რაც აიხსნება  მისი ეფექტურობით, ბუნებრიობით და ხელმისაწვდომობით.
ადამიანის ორგანიზმი არსებობს გამომუშავებული და ევოლუციურად დამტკიცებული შინაგანი კანონების მიხედვით. დაავადება – ამ კანონების დარღვევის შედეგია. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი. ზოგიერთ გარეგან ფაქტორს, რომლის შეცვლაც შეუძლებელია, ორგანიზმი ეგუება იმუნური სისტემისა და სხვა დამატებითი რეზერვების ჩართვით. ასე, შეუძლებელია შევცვალოთ, ტექნოგენური ფაქტორებით გაბინძურებული ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავთ, მაგრამ შეგვიძლია არ გავართულოთ სიტუაცია სიგარეტის მოწევით, რაც სხვებსაც საფრთხეს უქმნის. არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომელთა რეგულირება შეუძლია ადამიანს და ვალდებულიც არის. ასეთებია: საკვების შემადგენლობა და ხარისხი, კვების რეჟიმი, ზოგადი ჰიგიენა, ფიზიკური კულტურა და სხვ.
მაგრამ უმთავრესი ფაქტორი, რომელსაც გააჩნია როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ზემოქმედება, ადამიანის ფსიქოემოციური მდგომარეობაა, მისი სულიერი წონასწორობა. ადამიანს შეუძლია იყოს ჯანმრთელი, ძლიერი და ენერგიით სავსე, თუ არ იქნება კონფლიქტში საკუთარ თავთან და ირგვლივ გარემოსთან. ამ ფაქტორის მართვის შესაძლებლობა ნიშნავს შინაგან ჰარმონიას, ხოლო ჰარმონია გამორიცხავს დაავადების არსებობას.
ყველს შეუძლია განასხვაოს ნატურალური და ფხვნილისაგან დამზადებული რძე და ყველამ იცის, რომ ნატურალური უფრო სასარგებლოა. დღეისათვის ცნობილია, რომ ცოცხალი მოლეკულა, ისევე, როგორც ადამიანი, დაფარულია ენერგეტიკული გარსით, რაც არ გააჩნია ხელოვნურად შექმნილს.
თუ ადამიანი შეჭამს 1 კგ ვაშლს, მის ორგანიზმში ნორმაზე მეტად არ აიწევს რკინის დონე. ტაბლეტების მიღებისას ასე დაზღვეულნი არ ვართ – მკვეთრად მოიმატებს რკინის კონცენტრაცია სისხლში, იგი ჩალაგდება ღვიძლში. ენერგეტიკული გარსით დაფარული ფუტკრის პროდუქტების მიკროელემენტები, ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას, მხოლოდ მაშინ მოქმედებენ, როდესაც არსებობს  მათი დეფიციტი და ზედმეტი რაოდენობა არსად არ ლაგდება.
ფუტკრის პროდუქტებში საკმაოდ ბევრია კალციუმი, კობალტი, რაც ადამიანებში ზოგჯერ კენჭების წარმოქმნის შიშს იწვევს. ეს შიში უსაფუძვლოა, რადგან ასეთი საშიშროება არსებობს მხოლოდ აფთიაქში ნაყიდი აბების მიღებისას.
ტრადიციული ხალხური მედიცინის ძლიერი საშუალებებია აპითერაპია (მკურნალობა ფუტკრის პროდუქტებით) და ფიტოთერაპია (მცენარეებით მკურნალობა), რომლებიც ეხმარებიან ადამიანს დაავადების დაძლევაში. ოღონდ არასწორია ვიფიქროთ, რომ მათი მთავარი დანიშნულებაა დაავადებული ორგანიზმის განკურნება. გარჩევით ადვილია დაავადების განვითარების პროფილაქტიკა ორგანიზმის შინაგანი კანონების მოქმედების მექანიზმის აღდგენით და განვითარებით.
ფუტკრის პროდუქტებზე დამზადებული რეცეპტები, ხშირად სამკურნალო მცენარეებთან კომბინაციაში, გამოცდილია წლებით. მათ შეუძლიათ დახმარება და, რაც მნიშვნელოვანია, სწორი გამოყენებისას აბსოლუტურად უვნებელია.
 ბუნება მდიდარია და ხელგაშლილი, მთავარია შეგვეძლოს მისი ნობათის გამოყენება.
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დედამიწაზე ადამიანზე ადრე, ფუტკრები არსებობდნენ. თავდაპირველად ისინი განმარტოვებულად ცხოვრობდნენ. გარემოს მუდმივი ცვლილებების გამო, ფუტკრებს უხდებოდათ შეგუება. მცენარეებისაგან მიღებულ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, ისინი უმატებდნენ საკუთარ აქტიურ ნივთიერებებს, რითიც ძლიერდებოდნენ. კოლექტიურ ცხოვრებაზე გადსვლამ, მათ გადარჩენის საშუალება მისცა. ცალკეულად აღებული ყოველი ფუტკარი ცოცხლობს მოკლე დროის მონაკვეთში, ხოლო ფუტკრის ოჯახს აქვს მუდმივი არსებობის საშუალება.
არსებობისათვის ასეთი ბრძოლის შედეგად, ფუტკრის პროდუქტების შემადგენლობა და დაბალანსება იმდენად უნიკალურია, რომ, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითაც კი შეუძლებელია მათი ხელოვნურად შექმნა.
დღეისათვის არსებული ბიოლოგიური დანამატებისა და ვიტამინების შექმნაზე მუშაობენ კვლევითი ინსტიტუტები, მაგრამ მათ მიერ შექმნილი პროდუქტი ვერ უტოლდება ბუნებრივს. ამასთან ფუტკრის პროდუქტების ერთმანეთთან კომბინირებისას, ძლიერდება ყოველივეს მოქმედება.
აპითერაპია – ფუტკრის პროდუქტებით მკურნალობა, ცნობილია უძველესი დროიდან. თაფლის შემგროვებლები და, შემდგომში მეფუტკრეები, ამჩნევდნენ, რომ თაფლის გამოყენებისას ხდებოდა ძალების აღდგენა, ხანგრძლივდებოდა აქტიური ცხოვრება.
 ძველი ეგვიფტელები იყენებდნენ თაფლს, ცვილსა და დინდგელს ბალზამირებისათვის. თაფლს იყენბდნენ საკვების კონსერვირების მიზნით. ლეიდენის პაპირუსზე (”ადამიანის სხეულის ყველა ნაწილისათვის სამკურნალო საშუალებების დამზადება. 1200 წელი ჩვენს წელთ აღრიცხვამდე”) აღწერილია, თაფლის გამოყენებით მრავალი რეცეპტი კანის დაავადებების, კუჭ-ნაწლავის, თირკმლის, თვალის და სხვა დაავადებების სამკურნალოდ.
 მეცნიერი, ფილოსოფოსი და ექიმი დიოსკორიდი იყენებდა თაფლს ჭრილობების დასამუშავებლად და სამკურნალოდ, კუჭ-ნაწლავის დაავადებების, ყურის, ყელის დაავადებების სამკურნალოდ, გველის, ცოფიანი ძაღლის კბენისას და სოკოთი მოწამვლისას.
 ბერძენი მოაზროვნე – დემოკრიტე, რომელმაც 100 წელი იცოცხლა, სათვლიდა, რომ აქტიური ხანგრძლივი ცხოვრების საწინდარია – თაფლის მიღება.
 ჰიპოკრატე, პითაგორა, არისტოტელე და სხვა ბერძენი მეცნიერები და მოაზროვნეები ფუტკრის პროდუქტებზე დამზადებულ მრავალ რეცეპტს იყენებდნენ.
 XVIII საუკუნის ესპანელი ფარმაცეფტი ფელიქს პალაციუსი სთვლიდა, რომ თაფლი – საუკეთესო წამალია.
ცნობილი რომაელი ექიმი გალენი, მცენარეული ნედლეულისაგან წამლების დამზადებისას ფართოდ იყენებდა თაფლსა და ფუტკრის შხამს.
 ავიცენამ თავის ნაშრომში ”საექიმო მეცნიერების კანონი” თაფლისა და თაფლთან კომბინირებული სხვა ნივთიერებების გამოყენებით, ასზე მეტი რეცეპტი აღწერა. იგი წერდა:”თაფლი ამტკიცებს სულს, იძლევა სიმხნევეს, ეხმარება საჭმლის მონელებას, ნახველის გამოყოფას, აღაგზნებს მადას, ეხმარება ორგანიზმს ახალგაზრდობის გახანგრძლივებაში, აღადგენს მეხსიერებას, აუმჯობესებს აზროვნებას.”
თანამედროვე ადამიანი – ძალზედ რაციონალური არსებაა, რომელსაც  მინიმალური დანახარჯებით სურს მაქსიმალური ეფექტის მიღება. ნებისმიერი უმნიშვნელო წუხილისას ვცდილობთ მივიღოთ წამალი, რათა სწრაფად გამოვჯანმრთელდეთ.
მაგრამ რის ფასად ხდება ეს სწრაფი გამოჯანმრთელება? წამლების ხშირი მოხმარების შედეგია იმუნიტეტის დაქვეითება და შემდგომში მრავალი წუხილის გაჩენა.
აპითერაპია გულისხმობს პირველ რიგში ადამიანის იმუნური სისტემის გაძლიერებას და გააქტიურებას, ორგანიზმის ბუნებრივი შესაძლებლობების აღდგენას, რათა მან თვითონ შეძლოს პათოგენურ აგენტებთან  ბრძოლა. აპითერაპია მკურნალობისას  აგრეთვე იყენებს ორგანიზმის დეტოქსიკაციას (გაწმენდას), დიეტებს, ფიზიკურ ვარჯიშებს.
საყურადღებოა, რომ ფუტკრის პროდუქტები, განსაკუთრებით შხამი და რძე, ბიოლოგიურდ აქტიური ნივთიერებებია და არასწორი დოზირებისას და მათ მიმართ მომატებული მგრძნობელობისას, შესაძლოა ორგანიზმზე უარყოფითად იმოქმედონ. მკურნალობის დაწყებამდე, აუცილებელია პაციენტის გამოკვლევა და მკურნალობის პერიოდში მუდმივი დაკვირვება.
უნდა გვახსოვდეს, რომ აპითერაპია არ არის პანაცეა და საჭიროების შემთხვევაშიც, გონივრულად უნდა იყოს გამოყენებული. დაავადების გამწვავებისას ან მძიმე ფორმის დროს ხშირად საჭიროა ფარმაკოლოგიური პრეპარატების გამოყენება და ასეთ შემთხვევაში მათი შეცვლა სამკურნალო ბალახებით და ფუტკრის პროდუქტებით საკმაოდ საშიშია.
ფუტკრის პროდუქტებით მკურნალობის დაწყებამდე, სასურველია ორგანიზმის გაწმენდა (თბილი ოყნები 300 მლ წყალზე 1 ჩაის კოვზი მარილის ან ვაშლის ძმრის დამატებით); 5-7 დღის განმავლობაში უნდა აიკრძალოს, ან შეიზღუდოს მაინც, ხორცის, რძის, შაქრის და ცომეულობის მიღება. პარალელურად უნდა ტარდებოდეს ფიზიკური ვარჯიშები და აბანო.
ორგანიზმის გაწმენდის ერთ-ერთი მეთოდი:
3 კოვზ დაჩეჩქვილ ასკილს, თერმოსში ვასხავთ 500 მლ. მდუღარე წყალს და ვტოვებთ დილამდე. დილით, 1 ჭიქა ნაყენს ვუმატებთ 3 სუფრის კოვზ სორბიტს ან ქსილიტს და პატარა ყლუპებით ვსვავთ. 20 წუთის შემდეგ ვსვავთ კიდევ ერთ ჭიქა ნაყენს  1 სუფრის კოვზი თაფლის დამატებით. ამის მერე  – მსუბუქი საუზმე (ხილი, ბოსტნეული, ხილის წვენი, პურის პატარა ნაჭერი). 3 საათის განმავლობაში ტუალეტთან ახლოს უნდა იყოთ.
პროცედურა მეორდება 2 დღის გამოტოვებით, ყოველ მესამე დღეს, ერთი თვის განმავლობაში.
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის ასეთი გაწმენდა შესაძლებელია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ!
შედარებით მარტივია ორგანიზმის გასაწმენდათ ფიტოსორბების (მცენარეული ნაყენების) გამოყენება.
თაფლი აპითერაპიაში
თაფლის უკეთ ათვისების მიზნით, უმჯობესია მისი წყალში, რძეში, ჩაიში გაზავება (არ უნდა იყოს ცხელი).
მაქსიმალური ეფექტის მისაღებად, თაფლის მიღება უკეთესია მშიერ კუჭზე, ჭამის მერე 3 საათის გასვლისას და 1 საათით ადრე ჭამამდე. თაფლით მკურნალობისას რაციონიდან ამოღებული უნდა იყოს შაქარი. სამკურნალო ეფექტს აძლიერებს ალოეს, ლიმონის, ჟენშენის თაფლთან ერთად მიღება.
ავიტამინოზის და ორგანიზმის დასუსტების დროს საკმარისია დღეში 30-50 გრ. თაფლის მიღება, რაც შემდეგნაირად უნდა განაწილდეს: 25% – დილით, 50%- დღისით და 25% – საღამოს.
მკურნალობა მკვდარი ფუტკრებით (პოდმორ)
მთავარი თვისებაა – იმუნიტეტის ამაღლება, ხოლო კარგი იმუნიტეტის პირობებში, ორგანიზმი თვითონ ებრძვის და ერევა დაავადებებს. ხალხური მედიცინის ენით, მკვდარი ფუტკრებისაგან დამზადებული პრეპარატები ”ასუფთავებენ სისხლს”,ხოლო გასუფთავებული სისხლი ასუფთავებს და აახალგაზრდავებს მთელ ორგანიზმს. 40 წელს გადაცილებულ პირთათვის რეკომენდირებულია ფუტკრებისაგან დამზადებული ”სასწაულმოქმედი ელექსირის” მიღება წელიწადში 2-ჯერ პროფილაქტიკის მიზნით.
დინდგელის ნაყენის მომზადება
სახლის პირობებში მომზადებისას, როგორც წესი, ნაყენის პროცენტულობა დაახლოვებითია
10%-იანი ნაყენის მოსამზადებლად ვიღებთ 10 წილ დინდგელს და 90 წილ სპირტს, ან, უფრო მარტივად, 10 გრ დინდგელზე 100 მლ. სპირტი. მოვათავსებთ მუქი ფერის შუშის ან თიხის ჭურჭელში და თავდახურულს, ბნელ გრილ ადგილას გავაჩერებთ 10 დღის განმავლობაში.

გადასვლა >>>  ,,ფუტკრის პროდუქტები


წყარო: www.bee.ge

აპითერაპია – ფუტკრის შხამის გამოყენება სამკურნალო მიზნით.

გაფრთხილება!
ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი