ასტიგმატიზმი ბავშვებში

ასტიგმატიზმის დროს არსებობს ორი არასწორი ოპტიკური ფოკუსი, რის გამოც აღინიშნება საგნების დამახინჯებული ხედვა, რაც აფერხებს ბავშვებში  მხედველობის სისტემის განვითარებას. ასტიგმატიზმი თანდაყოლილი პათოლოგიაა და ვითარდება რქოვანას, იშვიათად კი ბროლის არასწორი (არასფეროსებრი) ფორმის გამო.

მოსახლეობის ერთ მეოთხედში აღინიშნება ე.წ. ფიზიოლოგიური ასტიგმატიზმი (0.5 D), რაც არ მოითხოვს ჩარევას, თუმცა თუ ასტიგმატიზმის დონე აღემატება  1.0D, ეს  გავლენას ახდენს მხედველობაზე და საჭიროებს კორექციას. ასტიმატიზმის დიაგნოსტირება ხშირად ხდება ბავშვებში დაახლოებით ორი წლის ასაკში მხედველობის პროფილაქტიკური შემოწმებისას.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

თუ ბავშვი უჩივის თავის ტკივილს, არასასიამოვნო შეგრძნებას წარბების ზევით მიდამოში, სწრაფად იღლება მხედველობითი დატვირთვის დროს,  შეიძლება ეჭვი მივიტანოთ ასტიგმატიზმზე. ბავშვთა ოფთალმოლოგის მიერ დიაგნოზის დადასტურების შემდეგ ხდება სათვალეების ან კონტაქტური ლინზების შერჩევა სუბიექტური ამტანობისა და ასაკის გათვალისწინებით. ჩვეულებრივ ასტიგმატიზმის დროს ინიშნება სათვალეები ცილინდრული ლინზებით მუდმივი ტარებისათვის. ქირურგიული ჩარევა შესაძლებელია განხორციელდეს 18 წლის ასაკის შემდეგ, როდესაც მხედველობის სისტემა სრულადაა ჩამოყალიბებული.

ასტიგმატიზმის დროს აუცილებელია ოფთალმოლოგის კონსულტაცია წელიწადში ორჯერ. თუ ბავშვი ატარებს სათვალეებს, მნიშვნელოვანია თვალის ზრდაზე დაკვირვება და სათვალის დროული შეცვლა.

ასტიგმატიზმის პროგრესირება არ ხდება, ამიტომ კვალიფიციური სპეციალისტის  რეკომენდაციების დაცვით შესაძლებელია მდგომარეობის კონტროლი. თუმცა მნიშვნელოვანია ასტიგმატიზმის ადრეულ ასაკში დიაგნოსტირება, რადგან იზრდება სიელმისა და ამბლიოპიის განვითარების ალბათობა.

არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე

_______________________________________

გადასვლა>>> 1.  ბავშვი 2. ოფთალმოლოგია 3. ასტიგმატიზმი 4. ასტიგმატიზმი (განმარტ.ლექს.)