დედა ფუტკარი

დედა ფუტკარი

დედა ფუტკარი (მას დედოფალსაც უწოდებენ) ოჯახის უფროსი და საპატიო წევრია. მის გარეშე ოჯახი ვერ მრავლდება და მცირე ხანში იღუპება.

 დედა ფუტკარი გამოირჩევა სხეულის სიგრძით და მოწითალო ფერით. მუშა ფუტკრებისაგან განსხვავებით, დედა ფუტკარს არ აქვს მუშაობისათვის საჭირო მოწყობილობა, მაგრამ კარგად განვითარებული აქვს სასქესო ორგანოები.

ფიჭებზე მოძრაობს სწრაფად, ხოლო დაფრინავს ნელა, თუმცა ფრენა მას სჭირდება მხოლოდ გასანაყოფიერებლად, სკიდან გამოსვლისას ან ნაყართან ერთად გამოფრენისას. მთელ დანარჩენ დროს იგი სკაში ატარებს.

ერთხელ განაყოფიერებულ დედას ინტენსიურად  კვერცხის დება შეუძლია 2-3 წლის განმავლობაში. შესაძლოა დედა ფუტკარმა იცოცხლოს 9 წლამდე, თუმცა მისი ნაყოფიერება კლებულობს. დღე-ღამეში დედა ფუტკარი დებს 3000-მდე კვერცხს.

დედა ფუტკარი ცოცხლობს მხოლოდ ოჯახში. სხვა ფუტკრებისაგან იზოლირებული, კარგი კვების პირობებშიც კი იღუპება 2 დღეში.

დედა ფუტკრის დაღუპვის შემთხვევაში, ფუტკრებს შეუძლიათ გამოიყვანონ ახალი დედა.

ამისათვის ფიჭის იმ უჯრედზე, სადაც ახლად დადებული კვერცხი იქნება, ჩამოაშენებენ რკოსავით ჩამოგრძელებულ სადედეს და განსაკუთრებული კვების შედეგად, ჩვეულებრივი კვერცხის მატლი უკეთ ვითარდება და იჩეკება დედა–ფუტკარი. როგორც წესი, ყოველი გაუთვალისწინებელი შემთხვევისათვის, ფუტკრები აშენებენ რამოდენიმე სადედეს. სათანადოდ, იჩეკება რამოდენიმე დედა, მაგრამ ოჯახში ტოვებენ მხოლოდ ერთს – საუკეთესოდ განვითარებულს, დანარჩენებს კი ხოცავენ.

გადასვლა >>>  ,,ფუტკრის პროდუქტები”

____________________________________________

წყარო: www.bee.ge

.