საყლაპავის ატრეზია

საყლაპავის ატრეზია

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

საყლაპავის ატრეზია ახალშობილებში (congenital esophageal obstruction) – განვითარების მძიმე მანკი, რომელიც ფორმირდება ემბრიოგენეზის ადრეულ სტადიებზე. არსებობს ატრეზიის სხვადასხვა ფორმები. ხშირია ატრეზია საყლაპავის ბრმა ზედა სეგმენტისა და ქვედა სეგმენტის წარმოქმნით, რომელიც უერთდება ტრაქეას ფისტულით. საყლაპავის ატრეზიის კლინიკური სიმპტომები ვლინდება დაბადებისთანავე: ციანოზი, აპნოე, ქაფიანი გამონადენი პირიდან. კვების მცდელობისას მატულობს სუნთქვის უკმარისობის მოვლენები, რაც განპირობებულია რძის ასპირაციით. ბავშვი მოუსვენრადაა, მატულობს ციანოზი, ქოშინი, ფილტვებში მოისმინება დიდი რაოდენობით სველი ხიხინი. როგორც წესი, წარმოიქმნება პნევმონია, განპირობებული რძის, ნერწყვის ასპირაციით, ასევე კუჭის შიგთავსის გადასროლით ტრაქეაში სასულე-საყლაპავის ფისტულიდან.

აღნიშნული სიმპტომების არსებობისას ნაჩვენებია საყლაპავის ზონდირება. თუკი ადგილი აქვს ატრეზიას, კათეტერი ებჯინება საყლაპავის ბრმა ბოლოს; ჰაერის შეყვანისას იგი ხმაურით გამოდის ბავშვის ცხვირიდან და პირიდან. ატრეზიის დონის დასადგენად ტარდება რეტნგენოლოგიური გამოკვლევა, საკონტრასტო ნივთიერების გარეშე. რენტგენოგრამაზე აიროვანი ბუშტის არსებობა კუჭში მიუთითებს საყლაპავის ქვედა ნაწილის კავშირზე ტრაქეასთან. იშვიათად გვხვდება საყლაპავის ატრეზიის არაფისტულოვანი ფორმა, რომლის დროსაც კუჭში აირი არ ჩანს.

საყლაპავის ატრეზიის მკურნალობა ქირურგიულია. ოპერაციისათვის მზადება იწყება ჯერ კიდევ სამშობიაროში: პირიდან ლორწოს ამოქაჩვა, დატენიანებული ჟანგბადი, გამოირიცხება კვება პირიდან და ტარდება პოლისინდრომული თერაპია. ოპერაციული მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია ატრეზიის ფორმაზე.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ქირურგიული დაავადებები