ანურია
1. ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონიდან:
ანურია – შარდის გამოყოფის შეწყვეტა, შარდის გამომყოფი სისტემის გამავლობის დარღვევის ან თირკმლების დაზიანების შედეგად. თირკმლებში შარდის წარმოქმნის შეწყვეტა შეიძლება განპირობებული იყოს, როგორც თირკმლის პარენქიმის დაზიანებით, ასევე თირკმლის სისხლმომარაგების დარღვევით მწვავე სისხლძარღვოვანი უკმარისობის (შოკი), თირკმლის სისხლძარღვების თრომბოზის დროს. შარდგამომყოფი სისტემის დახშობის შედეგად განვითარებული ანურიისას, დახშობის ადგილი შეიძლება მდებარეობდეს როგორც შარდის ბუშტის ზემოთ, ასევე მის ქვემოთ. თუ ის მდებარეობს შარდის ბუშტის ქვემოთ (მაგ. წინამდებარე ჯირკვლის ადენომა), მაშინ ბოქვენის ზემოთ პერკუსიით აღინიშნება მოყრუება, ბუშტში შარდის დიდი რაოდენობის არსებობის გამო. ამ შემთხვევაში ნაჩვენებია შარდის ბუშტის კათეტერიზაცია, აუცილებლობის შემთხვევაში კი – ბოქვენზედა ფისტულის დადება.
2. ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიიდან:
ანურია შარდის ბუშტში შარდის გადასვლის შეწყვეტაა. ამასთან მიუხედავად იმია, რომ ავადმყოფს არ შარდავს, არც მოშარდის სურვილი უჩნდება. ანურია როგორც წესი თირკმლის უკმარისობის ნიშანს წარმოადგენს.
ანურიის სახეები
ეტიოლოგიის მიხედვით განასხვავებენ სეკრეტორულ, ექსკრეტორულ და რეფლექტორულ ანურიას.
სეკრეტორული ანურია ვითარდება თირკმლის დეგენერაციული ცვლილებების დროს.
ექსკრეტორულ ანურიას იწვევს თირკმლებიდან შარდის გამოდინების მექანიკური დაბრკოლებების არსებობა, როგორიცაა შარდსაწვეთის დახშობა კენჭებით, სიმსივნეებით, ინფილტრატით და ა. შ.
რეფლექტორული ანურია ვითარდება ჯანმრთელი თირკმლების დროს, როდესაც რეფლექსი წარმოიქმნება მუცლის ღრუს ორგანოების დაზიანებისას, მათზე ოპერაციული ჩარევის შედგად ან რენო-რენალური რეფლექსის გამო აღინიშნება ავადმყოფი თირკმლის გამო ჯანმრთელი თირკმლის ბლოკადა. რეფლექტროული ანურია შესაძლოა იყოს ტკივილზე რეაქცია, მაგალითად ბაიუოტერსის სინდრომი – განივზოლიანი კუნთების მასიური დაზიანების დროს.
გარდა ამისა გამოყოფენ:
- პრერენული – თირკმელზედა ანურია
- რენული – თირკმლისმიერი ანურია
- პოსტრენული – თირკმელქვედა ანურია
ანურიის პირველი ორი ფორმის დროს შარდი არ გამომუშავდება. პოსტრენული ფორმის დროს შარდის გამომუშავება ხდება, თუმცა შარდი შარდის ბუშტში არ ხვდება საშარდე გზების ზედა ნაწილებში არსებული დაბრკოლების გამო. პრერენული და რენული ანურია სეკრეტორულ ანურიას მიეკუთვნება, ხოლო პოსტრენული ექსკრეტორულს.
ასევე უნდა გამოიყოს არენული ანურია, როდესაც ხდება ერთადერთი თირკმლის მოცილება ან თანდაყოლილი თირკმლების აპლაზია.
პრერენული ანურია ვითარდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მძიმე ფორმების დროს გამოხატული გულის უკმარისობისას. ამ დროს ხდება თირკმლების სისხლის მიმოქცევის დარღვევა. სისხლმომარაგების დარღვევა შეიძლება განპირობებული იყოს თირკმლის არტერიის ან ვენის ოკლუზიით, ასევე განვითარდეს კოლაფსის, მძიმე შოკის, დეჰიდრატაციიის ფონზე. ასეთ პაციენტებში დასაწყისში ვლინდება ოლიგურიის ნიშნები, რაც გადადის სრულ ანურიაში. სითხის დაგროვება ხდება ქსოვილებში, ვითარდება შეშუპება, მოგვიანებით კი ასციტი. ანურიის განვითარებას განაპირობებს დიდი რაოდენობით სისხლის დანაკარგი, როდესაც სისტოლური წნევა ეცემა 55 მმ ვწყ.სვ-ზე ქვევით.
რენული ანურია ვითარდება თირკმლის დაავადებების დროს. შარდის გამოყოფის შეწყვეტა უეცრად ხდება შარდ-გამომყოფი სისტემის მძიმე დაავადებების დროს. ეს არის როგორც წესი შორს წასული ქრონიკული ნეფრიტი. პიელონეფრიტი, თირკმლის ტუბერკულოზი, ჰიპერტონული დაავადება თირკმლებში მძიმე ცვლილებებით. ანურია შეინიშნება ასევე სხვადასხვა ნივთირებებით (ძმრის ესენციით, ეთილენგლიკოლით და სხვა) მოწამვლისას. კლინიკურ პრაქტიკაში აღწერილია შემთხვევები, როდესაც ანურია ვითარდება სულფანილამიდების კრისტალებით თირკმლის მილაკების დახშობის შედეგად.
პოსტრენული ანურია ვითარდება შარდის დინების დარღვევისას ერთადერთი ან ორივე თირკმლიდან. ამის ყველაზე ხშირი მიზეზი შარდკენჭოვანი დაავადებაა. კენჭების დაგროვება ხდება თირკმლის მენჯში, მენჯიდან შარდსაწვეთში გადასვლის ადგილას.
თირკმლის ჰემოდინამიკის დარღვევისას აღინიშნება თირკმლის ქსოვილის იშემია, მილაკოვანი და გორგლოვანი აპარატის დაზიანება, დისტროფიული და ნეკროზული ცვლილებები, გორგლების დაზიანების გამო ულტრაფილტრატი ხვდება ინტერსტიციაში და ვითარდება თირკმლის ქსოვილის შეშუპება, რაც კიდევ უფრო აღრმავებს თირკმლის ქსოვილის იშემიასა და ჰიპოქსიას.
ანურია – კლინიკური სურათი
ანურიისას პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში ( 3-5 დღე) ობიექტურად შეიმჩნევა მხოლოდ შარდის გამოყოფის დარღვევა. შემდეგ თანდათანობით მატულობს სისხლში ნარჩენი აზოტი. ვლინდება ინტოქსიკაციის ნიშნები: წყურვილი, სიმშრალე პირის ღრუში, თავის ტკივილები, მოთენთილობა და ძილიანობა, აპათია. შემდგომში ვითარდება თირკმლისმიერი კომა და ურემიული მოვლენები. ანურიის კრიტიკული პერიოდი 8-9 დღეა. ანურიის კლინიკა წარმოდგენილია ძირითადი დაავადების ზოგადი სიმპტომებით – თირკმლის მწვავე უკმარისობით, ტკივილის სინდრომით თირკმლის გახანგრძლივებული ჭვალის დროს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ნერვული, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის ფუნქციის დარღვევით, სხეულის ტემპერატურა შესაძლებელია იყოს მომატებული ან ნორმალური, ასევე აღინიშნება ასთენია, თავის ტკივილი, კუნთოვანი ხტომები, ძილიანობა, ლეთარგია, ფსიქიკის დარღვევა, კრუნჩხვები, ლორწოვანი გარსების სიმშრალე, ლაკისებრი ენა ნახეთქებით და მცირე წყლულებით, მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება.
ანურია – დიაგნოზი, დიფერენციალური დიაგნოზი
ანურიის დიაგნოსტირებისას კლინიკურ სურათთან ერთად გამოიყენება ლაბორატორიული კვლევები, რომელიც მოიცავს პლაზმაში სხვადასხვა ნივთიერებების განსაზღვრას. კრეატინინის, შარდოვანას, ნარჩენი აზოტის, სულფატების, ფოსფატების, მაგნიუმის, კალიუმის დონის მატებასთან ერთად ქვეითდება ნატრიუმის, ქლორის და კალციუმის დონე. ვითარდება ქსოვილოვანი აციდოზი, ჰიპერჰიდრატაცია, ელექტროლიტური დარღვევები.
ყურადსაღებია სასუნთქი ორგანოების მხრივ განვითარებული ცვლილებები, ფილტვების შეშუპება დამახასიათებელი კლინიკური სურათით, გულის მხრივ – ტაქიკარდია, გულის საზღვრების გაფართოება, ტონების მოყრუება, პერიკარდიუმის ხახუნის ხმიანობა. ჰიპერკალიემიის დროს რითმის დარღვევები, შესაძლებელია არტერიული ჰიპერტენზიის განვითარება.
ექსკრეტორული ანურიისას რენტგენოგრაფია და რეტროგრადული ურეთეროპიელოგრამა ავლენს თირკმლებსა და შარდსაწვეთში არსებულ ანურიის გამომწვევ ცვლილებებს.
რენული ანურია ხასიათდება თირკმლის გამკვრივებით კომპიუტერული ტომოგრაფიისას, აღინიშნება ქრონიკულად მიმდინარე თირკმლის პათოლოგიის დროს, როდესაც ხდება თირკმლის პარენქიმის ჩანაცვლება შემაერთებელი ქსოვილით. ცვლილებები ვლინდება დინამიური და სტატიკური თირკმლის სცინტიგრაფიისას, რადიოიზოტოპური რენოგრაფიისას.
დიფერენციალური დიაგნოსტიკა ტარდება ანურიის სხვადასხვა ფორმებს შორის, შარდის მწვავე შეკავებასა და თირკმლის კოლიკას შორის. ანურიებს შორის დამახასიათებელი განსხვავებები ნაკარნახევია ანურიის ჩამოყალიბების პათოფიზიოლოგიური მექანიზმებით და მნიშვნელოვანია ეტიოტროპული მკურნალობის თვალსაზრისით.
შარდის მწვავე შეკავება ხასიათდება ურეთრის მწვავე ოკლუზიით, ასეთ შემთხვევაში კათეტერიზაციისას გამოიყოფა შარდი, ანურიისაგან განსხვავებით. თირკმლის კოლიკისათვის დამახასიათებელია ტკივილის სინდრომი, შარდის გამოყოფის დარღვევა, დისპეპსიური მოვლენები, პერიტონეუმის გაღიზიანების სინდრომი. დიაგნოსტირებისას პირველ რიგში უნდა დავრწმუნდეთ, რომ ადგილი აქვს ანურიას და არა შარდის შეგუბებას შარდის ბუშტში, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები, ხერხემლის ტრავმა (ზურგის ტვინის გამტარებლობის დარღვევისას) შარდის ბუშტიდან ურეთრაში შარდის გადასვლის დაბრკოლების არსებობა: უცხო სხეულები, შარდის ბუშტის ყელის ან ურეთრის მიდამოს სიმსივნე (წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია და ა. შ). ანურიის დროს შარდის ბუშტი ცარიელია, კათეტერიზაცია ტარდება დაუბრკოლებლად, თუმცა შარდის ბუშტში შარდი არაა.
ანურიის მიზეზის დადგენაში გვეხმარება ანამნეზი – ქრონიკული დეგენერაციული ცვლილებები თირკმლებში. დიაგნოსტიკურ და ამავდროულად სამკურნალო მეთოდს წარმოადგენს პარანეფრალური ბლოკადა, რომელიც ხსნის რეფლექტორულ ანურიას.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
შარდის გამომყოფი სისტემის დაავადებები