პურინისფუძეები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პურინისფუძეები – პურინები, ბუნებრივი აზოტოვანი ჰეტეროციკლური ნაერთების ჯგუფი; წარმოადგენს პურინის ნაწარმს, რომელიც წარმოიქმნება პირიმიდინისა და იმიდაზოლის რგოლების შერწყმით. დიდ როლს თამაშობენ ცოცხალ ორგანიზმებში, სადაც გვხვდებიან როგორც თავისუფალი სახით, ისე რთული ნაერთების შედგენილობაში. მაგ., ნუკლეინის მჟავებში (ნმ) შედის ადენინი და გუანინი. რიბონუკლეინის მჟავაში (რნმ) პურინის ფუძეები დაკავშირებულია რიბოზასთან, ხოლო დეზოქსირიბონუკლეინის მჟავაში (დნმ) – დეზოქსირიბოზასთან. დნმ – ში პურინების რაოდენობა პირიმიდინების ტოლია, რნმ – ში პურინები ჭარბობენ პირიმიდინებს. ნმ – ებში პურინისა და პირიმიდინის ფუძეების თანამიმდევრობაში კოდირებულია მოცემული ორგანიზმის მემკვიდრეობითი ბუნება (იხ. გენეტიკური კოდი, ნუკლეინის მჟავები, ცილის ბიოსინთეზი). პურინის ფუძეების შემცველი ნუკლეოტიდები დიდ როლს თამაშობენ ცოცხალი უჯრედის ბიოენერგეტიკაში: ადენოზინტრიფოსფორის მჟავა (ატფ) ენერგიის უნივერსალური წყაროა; გუანოზინტრიფოსფორის მჟავას (გტფ) ფოსფორ – ეთეროვან ბმებში აკუმულირებული ენერგია გამოიყენება ცილის ბიოსინთეზისას. ციკლური 3`, 5` – ადენოზინმონოფოსფორის მჟავა მონაწილეობს უჯრედში მიმდინარე თითქმის ყველა ბიოქიმ. რეაქციაში, მ. შ. ჰორმონული რეგულაციის მექანიზმებში. პურინის ფუძეები შედიან მრავალი კოფერმენტის შედგენილობაში. პურინის ფუძეებს განეკუთვნება კოფეინი (შედის ყავაში, ჩაიში), თეობრომინი (შედის შოკოლადის ხის ნაყოფში), ჰიპოქსანტინი, ქსანტინი და სხვ. უმაღლეს ცხოველებში პურინის ფუძეების სინთეზი ხდება უმთავრესად ღვიძლში; მათი გარდაქმნისა და დაშლისას წარმოიქმნება სხვადასხვა ნაერთი – შარდის მჟავა, ალანტოინი და სხვ. დ. ჯოხაძე. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა