გონებისთვის სასარგებლო საკვები

გონებისთვის სასარგებლო საკვები ბავშვებისათვის

ის, რასაც ჩვენი პატარა მიირთმევს საუზმედ და სადილად, თურმე მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მომდევნო რამდენიმე საათის მანძილზე მის ბუნება– განწყობილებას. თანაც ეს ეხება არა მარტო ფიზიკურ, არამედ გონებრივ აქტივობასაც. სხვათა შორის, ნევროლოგიის მეცნიერების ერთერთი სფერო იკვლევს სწორედ ასეთ კავშირს დიეტასა და ადამიანის ინტელექტუალურ მიღწევებს შორის.


მრავალრიცხოვანი ექსპერიმენტებისა და მრავალწლიანი კვლევების შედეგად შეიქმნა პროდუქტების სია, რომელიც შეიძლება პირდაპირი მნიშნელობით დავასახელოთ გონების საკვებად. ისინი აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, კონცენტრაციის სტიმულირებას ახდენს და, როგორც შედეგი, განწყობასაც ამაღლებს.

ყველაფერი მუშაობს ბიოქიმიურ დონეზე. აზროვნების პროცესი – ბიოქიმიური რეაქციების რთული და ხანგრძლივი ჯაჭვია, რომელსაც უამრავი ნივთიერება ესაჭიროება. საკვებში განსაზღვრული კვების პროდუქტების გამოყენებისას, ჩვენ ნერვულ სისტემას ვაწვდით ყველა აუცილებელს. ტვინს სრულფასოვანი მუშაობისთვის სჭირდება ცილა, ზოგიერთი ვიტამინი და მიკროელემენტები, ასევე ცხიმოვანი მჟავები. გარდა ამისა, გონებრივი მუშაობა მოითხოვს დიდი ენერგიას. რადგან ტვინს არ შეუძლია ვიტამინებისა და მინერალების დაგროვება, ამიტომ ბიოქიმიურ რეაქციებში გამოიყენება ის ნივთიერებები, რომელიც ორგანიზმში შევიდა საკვებთან ერთად კონკრეტულ მომენტში. ამიტომ, დიეტის კორექტირებისას სწორი მიმართულებით, შეიძლება გავიუმჯობესოთ არა მარტო მეხსიერება, არამედ რეაქციის სისწრაფე და ყურადღების კონცენტრაცია. ეს კი ნამდვილად სჭირდებათ ჩვენს პატარებს! ამის დასტურად ერთ მაგალითს გეტყვით: ამერიკის შეერთებულ შტატებში დაწყებითი კლასების პატარებს ერთი თვის განმავლობაში ტრადიციული წახემსების – ფუნთუშებისა და კანფეტების – ნაცვლად აძლევდნენ ნიგოზს და ვაშლს. ბავშვების გონებრივი შესაძლებლობები 30% გაიზარდა. და ეს მხოლოდ ერთი წახემსების წყალობით. აშკარაა, რომ ცომეული, რომელიც ნახშირწყლებით მდიდარია, იძლევა ენერგიის მოკლევადიან მოზღვავებას, მაგრამ არ შეიცავს ვიტამინებს და მინერალებს, მაშინ, როცა ვაშლში ისინი მრავლადაა. ნიგოზი კი – ცილების წყაროა, ცხიმოვანი მჟავებისა და ნახშირწყლების.

რა თქმა უნდა, არც ერთი ვიტამინი და არანაირი ცხიმოვანი მჟავა არ გახდის ადამიანს უფრო ჭკვიანს, ვიდრე ის სინამდვილეშია. საკვები თვისთვისთავად, რა თქმა უნდა, ინტელექტს ვერ შეგვმატებს. მაგრამ შეიძლება ბავშის ( და ასევე უფროსის) მენიუ ისეთი სახით შევადგინოთ, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ბუნების მიერ ნაბოძები განძი.

  • აი, მაგალითად, ბანანის იოგურტი მშვენიერი საუზმეა ჩვენი პატარასთვის. მოსამზადებლად დაგვჭირდება 1 მწიფე ბანანი, 200 მლ იოგურტი დანამატების გარეშე, 1 სუფრის კ. თაფლი, ოდნავ ლიმონის წვენი, შეიძლება ერთი–ორი ბანანის ჩირიც, გასაფორმებლად.

ბანანი გავფრცქვნათ, დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად და მოვასხათ ლიმონის წვენი. იოგურტში თაფლი ავურიოთ, მერე ბანანზე მოვასხათ და მოვრთოთ.

  • სადილის დროს ჩემს შვილიშვილს ზოგჯერ მწვანე ბარდის სალათს ვუმზადებ პიტნით. ამ რეცეპტისთვის დაგჭირდებათ – 300გრ ბარდა, 1ც. კიტრი, 1 კონა პიტნა, 1 ლიმონი, 3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი, 1 ჩაის კოვზი არამწარე მდოგვი, 1 ჩაის კოვზი თაფლი, ზღვის მარილი, 150 გრ ყველი.

ჯამზე დავყაროთ ბარდა. კიტრი გავთალოთ და მრგვალ ნაჭრებად დავჭრათ. პიტნა გავრეცხოთ, გავაშროთ და ფოთლები მოვაცილოთ. ლიმონი კარგად გავრეცხოთ და წვრილ სახეხზე ცედრა გავხეხოთ.
სოუსის მოსამზადებლად, ლიმონის წვენი გამოვწუროთ, დავუმატოთ ზეთი, თაფლი, მდოგვი, მარილი, და ჩანგლით ავთქვიფოთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. ბარდა რამდენიმე წუთით ადუღებულ წყალში მოვათავსოთ, შემდეგ საწურზე გადავწუროთ კარგად. შევურიოთ კიტრი, პიტნის ფურცლები და სოუსიც მოვასხათ. ზემოდან ყველი დავახეხოთ და მივართვათ ჩვენს პატარას.

  • ბავშვებისთვის ოხრახუშის წვნიანიც ძალიან სასარგებლოა. დაგვჭირდება :1 კონა ოხრახუში (50გრ), 1 პატარა თავი ხახვი, 1 ც კარტოფილი, 2 სუფრს კოვზი ზეთი, ½ ლ ბოსტნეულის ბულიონი, 1/8ლ ნაღები, ზღვის მარილი, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი,ნიგოზი.

ოხრახუში გავრეცხოთ, გავაშროთ. რამდენიმე ფოთოლი მოსართავად მოვიტოვოთ. რადგან ოხრახუშს საკმაოდ უხეში ფოთლები და ღეროები აქვს, ამიტომ ვეცადოთ ძალიან წვრილად დავჭრათ. ბოსტნეული გავასუფთაოთ და პატარა კუბებად დავჭრათ.
ქვაბში ზეთში მოვხრაკოთ ხახვი, კარტოფილი და ოხრახუში. დავასხათ ბულიონი და დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ 10 წუთი. ბლენდერის ან მიქსერის მეშვეობით სუპი პიურედ ვაქციოთ, დავუმატოთ ლიმონის წვენი, ნაღები და მარილი. ნიგოზი ოდნავ მოვხალოთ ტაფაზე ზეთის გარეშე. სუფრასთან მიტანის წინ წვნიანში ჩავყაროთ ნიგოზი და წვრილად დაჭრილი მწვანილი.

  • ვახშამად გამომცხვარი ისპანახი ყველით ძალიან გემრიელია. ავიღოთ 500გრ ისპანახი, 1 თავი წითელი ხახვი, 1 კბილი ნიორი, 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, მარილი, 1-2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი ფორმაზე წასასმელად. 200 გრ ყველი, 10გრ ნიგოზი.

ისპანახი გავრეცხოთ და დავჭრათ. ხახვი და ნიორი გავფრცქვნათ. ხახვი ალყა–ალყა დავჭრათ, ნიორი კი დავჭყლიტოთ. შემდეგ ხახვი და ნიორი მოვთუშოთ ზეთში, სანამ ოქროს ფერს არ მიიღებს. დავუმატოთ ისპანახი, კარგად ავურიოთ, ცეცხლიდან გადმოვდგათ და მარილი დავაყაროთ.
ყველი პატარა ნაჭრებად დავჭრათ. გამოსაცხობ ფორმას ზეთი წავუსვათ, დავალაგოთ ისპანახი, ზემოდან კი ყველი. მოვაყაროთ ნიგოზი. ზემოდან ოდნავ ზეთი მოვასხათ. ვაცხოთ 180 გრადუსზე დაახლოებით 10 ჭუთი.

  • ცოტაოდენი ეგზოტიკაც შევიტანოთ ჩვნი პატარას სასმელებში და გავასინჯოთ ლასსი. მოსამზადებლად დაგვჭირდება 100 გრ იოგურტი დანამატების გარეშე და 1 ჭიქა მინერალური წყალი.

ლასსი ინდოეთში ძალზე პოპულარული სასმელია. მომზადებაის წესი უმარტივესი: იოგურტი მინერალურ წყალთან ავურიოთ და ავთქვიფოთ სანამ სქელ ქაფს არ მივიღებთ. ლასსი შეიცავს ნაკლებ კალორიებს, მაგრამ საუკეთესოდ აგრილებს და მდიდარია კალციუმით, რაც ნერვებისთვის სასარგებლოა.

რამდენიმე სასარგებლო რჩევა:

  • პომიდორი ყურადღების სტიმულირებას ახდენს და აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, აახალგაზრდავებს უჯრედებს. პომიდორი ერთერთი ქმედითი ბუნებრივი საშუალებაა კიბოს საწინააღმდეგოდ.
  • ნიორი აძლიერებს შრომისუნარიანობას, გამოჰყავს შლაკები და წნევას დაბლა წევს.
  • იოგურტი განწყობას ამაღლებს, ძვლებსა და კბილებს ამაგრებს.
  • სტაფილო აძლიერებს კონცენტრაციას.
  • წითელი ხორცი ხელსუწყობს ენერგიის მოზღვავებას, ზრდის ამტანობას. უხეშად დაფქვილი ხორბლის პური ზრდის გონებრივ აქტივობას, სტრესების ზემოქმედებას ამცირებს.
  • გოგრას გამოჰყავს შლაკები და იმუნიტეტს აძლიერებს.
  • ზღვის პროდუქტები კრეატიულობის სტიმულირებას ახდენს.
  • ავოკადო არეგულირებს ტვინის სისხლის მიმოქცევას.
  • მცენარეული ზეთი (ზეითუნის, რაფსის, ნიგვზის) შეიცავს მსუბუქ ცხიმოვან მჟავებს, რომელიც აჯანსაღებს მთელს ორგანიზმს.
  • კიტრი – ენერგიის წყაროა.
  • ზღვის თევზი აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას და გონების მუშაობას.
  • მწვანე ბარდა ამაგრებს ნერვულ სისტემას, აფართოებს ინტელექტუალურ შესაძლებლობებს.
  • ყველი მოქმედებს როგორც ანტიდეპრესანტი, ძალებს გვმატებს.
  • ბანანი ხელს უწყობს ბედნიერების ჰორმონის (სეროტონინის) გამოყოფას, აუმჯობესებს ხასიათს. გვეხმარება ძალების სწრაფად აღდგენაში.
  • ნიგოზი გონებრივი მუშაობის სტიმულირებას ახდენს, შინაგან სიმშვიდეს და დაძაბული კუნთების მოდუნებას უწყობს ხელს.
  • ზღვის მარილი ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმში ელექტროლიტების სწორი ბალანსისთვის, ასევე ხელს უწყობს ცხიმების დაწვას.

ავტორი: მარინა ისაკაძე
2010, აპრილი

წყარო: www.puphynuphy.ge

 

გადასვლა >>> ბავშვი

გადასვლა >>> ბავშვთა კვება

 

Share this...Share on Facebook
Facebook