პერიანალური დერმატიტი – წარმოადგენს ანუსის ირგვლივ კანის ანთებით პროცესს, რომელიც ვლინდება სიწითლით, შესიებით, მტკივნეულობითა და ქავილით.
პერიანალური დერმატიტი შეიძლება იყოს კონტაქტური, ალერგიული, ბაქტერიული ან სოკოვანი ბუნების, ასევე შესაძლებელია განვითარდეს ენტერობიოზის, ნაწლავთა ანთებითი დაავადებების, ჰემოროის, ანალური ნახეთქის ფონზე.
დაავადების დიაგნოსტიკაში გადამწყვეტია ეტიოლოგიური ფაქტორის განსაზღვრა მიკროსკოპული კვლევისა და ნაცხის ან პერიანალური მიდამოს ანაფხეკის დათესვის გზით. პერიანალური დერმატიტის გამომწვევი მიზეზებიდან გამომდინარე ინიშნება შესაბამისი მკურნალობა.
პერიანალური დერმატიტი გვხვდება ნებისმიერი ასაკის პირებში, ახალშობილებიდან დაწყებული მოხუცებით დამთავრებული. ძუძუთა ბავშვებში საფენისმიერი დერმატიტის მსგავსად ხშირად დაკავშირებულია კანის მოვლის წესების დარღვევასთან.
მოზრდილებში პერიანალური დერმატიტი არცთუ იშვიათად ვითარდება მსხვილი და სწორი ნაწლავის პათოლოგიის, ნაწლავური მიკროფლორის დარღვევებისა და ანალური მიდამოს სხვა დაავადებების ფონზე.
ნაწლავთა კანდიდოზური დისბაქტერიოზის მქონე პაციენტთა დაახლოებით 6.5% კანდიდოზური ეტიოლოგიის პერიანალური დერმატიტით იტანჯება.
აქედან გამომდინარე პერიანალური დერმატიტის მკურნალობის საკითხით დაკავებულია არამხოლოდ დერმატოლოგია არამედ პროქტოლოგიაც.
ეტიოლოგია, პათოგენეზი
პერიანალური დერმატიტი შეიძლება გამოწვეული იყოს ჰიგიენის დარღვევის ან ანალურ მიდამოზე გამაღიზიანებელი ფაქტორების ზემოქმედების შედეგად. პერიანალური დერმატიტის განვითარება ასევე შეიძლება გამოიწვიოს ხანგრძლივად მიმდინარე დიარეამ, კანზე სინთეტიკური საცვლის ან მასზე დარჩენილი სარეცხი საშუალების ზემოქმედებამ.
პერიანალური დერმატიტის განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს სწორი ნაწლავის გამოვარდნისას მასზე განავლოვანი მასების არსებობა ან სიმსივნური დაზიანება.
ისეთი ანთებითი დაავადებების დროს, როგორიცაა წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება, კოლიტი, პროქტიტი, პარაპროქტიტი, ანთებითი პროცესი შეიძლება გავრცელდეს ნაწლავიდან პერიანალური მიდამოს კანზე.
პერიანალური დერმატიტის მიზეზი შესაძლოა გახდეს ენტერობიოზი, დისბაქტერიოზი, ბუასილი. ანუსის მიდამოს დაზიანება (ანალური ნახეთქები, ანალური ქავილის გამო ფხანის შედეგად განვითარებული კანის დაზიანებები) განაპირობებს მის ინფიცირებასა და ბაქტერიული ან სოკოვანი ეტიოლოგიის დერმატიტის განივითარებას.
არსებობს ასევე პერიანალური დერმატიტის აბსცედირებული ფისტულოზური ფორმა, რომელიც ვითარდება ხანგრძლივად საჭესთან ჯდომის ან მხედრობის დროს ჩამოცვენილი თმების კანში ჩანერგვის შედეგად. მოცემულმა ფორმამ მიიღო „ჯიპის დაავადების“ სახელწოდება.
პერიანალური დერმატიტის განვითარებაში არცთუ უმნიშვნელო როლი უკავია მაკროორგანიზმის მდგომარეობას. ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილება განაპირობებს ანალური მიდამოს კონტაქტური დერმატიტის განვითარებას.
იმუნიტეტისა და კანის ბარიერული ფუნქციის დაქვეითება ხელს უწყობს ინფექციური აგენტების შეჭრას სტაფილო-, სტრეპტოკოკური, კანდიდოზური და სხვა ეტიოლოგიის დერმატიტის განვითარებით.
პერიანალური დერმატიტის ამგვარი მექანიზმით განვითარებისაკენ მიდრეკილნი არიან ახალშობილები და ხანდაზმული პირები, პაციენტები სხვადასხვა იმუნოდეფიციტური მდგომარეობებით, მათ შორის აივ-ინფიცირებულები და ასევე პირები ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპიისა და სტეროიდებით მკურნალობის შემდეგ.
სიმპტომები, მიმდინარეობა
ძირითადი გამოვლინებები, რაც საერთოა ყველა სახის პერიანალური დერმატიტისათვის, – არის ანალური მიდამოს კანის ანთებითი ცვლილებები: სიწითლე, მტკივნეულობა, შესიება. ხშირად გამოხატულია ქავილი, რაც აღრმავებს დაავადების მიმდინარეობას ფხანის შედეგად კანის მუდმივი ტრავმირების გამო.
ბაქტერიული გენეზის პერიანალური დერმატიტი ხასიათდება ჰიპერემიულ ფონზე პუსტულების წარმოქმნით. დერმატიტის ამ ფორმას თან ახლავს სისველე, ეროზიებისა და ქერქების განვითარება.
სოკოვანი დერმატიტისათვის ტიპიურია ანთებითი უბნის დაკბილული კიდეები, მოთეთრო ნადები, აქერცვლა, ანთებითი კერის ირგვლივ პუსტულებისა და ბუშტუკების არსებობა.
ალერგიულ დერმატიტს თან ახლავს ძლიერი ქავილი, სეროზული შიგთავსის მქონე ვეზიკულები, რომელთა გახსნისას წარმოიქმნება ეროზიები.
პერიანალური დერმატიტის აბსცედირებადი ფისტულოზური ფორმა (ჯიპის დაავადება), ვლინდება წვრილი რეციდიული აბსცესების წარმოქმნით ანუსის ნაოჭებში.
ნაწლავთა დაავადებების დროს განვითარებული პერიანალური დერმატიტი შერწყმულია კუჭის მოქმედების დარღვევასთან (ყაბზობა, დიარეა), ტკივილებთან მუცელში და სწორი ნაწლავის არეში (პროქტალგია), ანუსიდან ლორწოვანი, ჩირქოვანი ხასიათის ან სისხლნარევი გამონადენის არსებობასთან.
დიაგნოსტიკა
პერიანალურ მიდამოში კანის ანთებითი ცვლილებებისას პაციენტები ძირითადად მიმართავენ დერმატოლოგს ან პროქტოლოგს.
ექიმი ახორციელებს გამოკითხვას, რათა გამოავლინოს დაავადების სიმპტომები და მიზეზები.
ანალური მიდამოს დათვალიერება საშუალებას იძლევა შეფასდეს კანის მდგომარეობა და აღმოჩენილ იქნას ნახეთქები, ჰემოროიდალური კვანძები და სწორი ნაწლავის გამოვარდნა.
პერიანალური დერმატიტის გამომწვევი მიზეზის დასადგენად ხდება ანალური მიდამოდან კანის ანაფხეკის გამოკვლევა პათოგენურ სოკოებზე, ენტერობიოზზე, განავლის გამოკვლევა დისბაქტერიოზზე და კანის ელემენტების გამონაყოფებისა და ანუსის მიდამოს ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა.
ნაწლავთა თანმხლები დაავადებების დიაგნოსტიკის მიზნით ტარდება კოპროგრამა, რექტორომანოსკოპია, ირიგოსკოპია, ულტრაბგერითი გამოკვლევია, რენტგენოგრაფია ბარიუმის ფაფით და კოლონოსკოპია.
მკურნალობა
პერიანალური დერმატიტის მკურნალობა ეფექტურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისობაშია ეტიოლოგიურ ფაქტორთან.
დიდი მნიშვნელობა აქვს ანალური მიდამოს ჰიგიენის დაცვას, ბამბის თეთრეულის ტარებას, რაც არ იწვევს კანის დაზიანებულ უბანზე ზეწოლას, ხახუნსა და გაღიზიანებას. ქავილის შესამსუბუქებლად შინაგანი მიღებისათვის ინიშნება ანტიჰისტამინური პრეპარატები.
პერიანალური დერმატიტის ადგილობრივი მკურნალობა ტარდება ცინკის შემცველი და ანტისეპტიკური მალამოების, სხვადასხვა მცენარეული, გვირილის, ორკბილასა და მუხის ქერქის აბაზანებით.
ბაქტერიული დაზიანებისას ახდენენ ჩირქოვანი პუსტულების გახსნას და ანილინის საღებავების ხსნარებით დამუშავებას (მეთილენის ლურჯი, ბრილიანტის მწვანე), ინიშნება ანტიბაქტერიული მალამოები.
სოკოვანი დერმატიტის დროს ადგილობრივად გამოიყენება სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები.
ენტერობიოზის გამოვლენისას მკურნალობა ტარდება ანტიჰელმინთური პრეპარატებით.
დისბაქტერიოზის ან ნაწლავთა სხვა დაავადებების არსებობა წარმოადგენს გასტროენტეროლოგთან ან პროქტოლოგთან მკურნალობის ჩვენებას.
არჩილ შენგელია. საავტორო უფლებები დაცულია
პერიანალური დერმატიტი – არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან
🩺 პერიანალური დერმატიტი წარმოადგენს ანუსის ირგვლივ კანის ანთებით პროცესს, რომელიც ვლინდება:
✔️ სიწითლით;
✔️ შესიებით;
✔️ მტკივნეულობით;
✔️ ქავილით;
✔️ პუსტულების წარმოქმნით
🦠 პერიანალური დერმატიტი შეიძლება იყოს კონტაქტური, ალერგიული, ბაქტერიული ან სოკოვანი ბუნების, ასევე შესაძლებელია განვითარდეს ენტერობიოზის, ნაწლავთა ანთებითი დაავადებების, ჰემოროის, ანალური ნახეთქის ფონზე
🔗 პერიანალური დერმატიტის მკურნალობა ეფექტურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისობაშია ეტიოლოგიურ ფაქტორთან
💊 ქავილის შესამსუბუქებლად შინაგანი მიღებისათვის ინიშნება ანტიჰისტამინური პრეპარატები
🌿 პერიანალური დერმატიტის ადგილობრივი მკურნალობა ტარდება ცინკის შემცველი და ანტისეპტიკური მალამოების, სხვადასხვა მცენარეული, გვირილის, ორკბილასა და მუხის ქერქის აბაზანებით
💉 ბაქტერიული დაზიანებისას ახდენენ ჩირქოვანი პუსტულების გახსნას და ანილინის საღებავების ხსნარებით დამუშავებას, ინიშნება ანტიბაქტერიული მალამოები
👉 გაიგე პერიანალური დერმატიტის შესახებ უფრო დეტალურად –
#დერმატიტი #პერიანალურიდერმატიტი #პერიანალურიდერმატიტისმიზეზები #პერიანალურიდერმატიტისგამომწვევი #პერიანალურიდერმატიტისსიმპტომები #პერიანალურიდერმატიტისნიშნები #პერიანალურიდერმატიტისდიაგნოსტიკა #პერიანალურიდერმატიტისმკურნალობა #ანალურიქავილი #ანალურიქავილიბავშვებში #ანალურისიწითლე #ანალურიშესიება #ანალურიქავილი #პუსტულებისწარმოქმნა #ანტისეპტიკურიმალამოები #პროქტოლოგია #პროქტოლოგიურიდაავადებები #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე
გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 , 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10
ბმები: კოლოპროქტოლოგია, ბუასილი, მწვავე ბუასილი, ქრონიკული ბუასილი, ჰემოროიდული კვანძები, ჰემოროიდული კვანძების თრომბოზი, ანალური ნაპრალი, ბუასილის (ჰემოროის) ნიშნები, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, პარაპროქტიტი,ანალური ქავილი, პერიანალური დერმატიტი, პროქტიტი, ბუასილის პროფილაქტიკა, ბუასილი და კვება, ბუასილი. ფიტოთერაპია, ბუასილის ქირურგიული მკურნალობა, სკლეროთერაპია, ინფრაწითელი კოაგულაცია, ლიგირება ლატექსის რგოლებით, კრიოთერაპია, ჰემოროიდექტომია, ლონგოს ოპერაცია, დეზარტერიზაცია, ჰემოროიდული არტერიების დეზარტერიზაცია, ბუასილის სკლეროთერაპია, ბუასილი ორსულობის დროს, ბუასილი და მშობიარობა, ბუასილის (ჰემოროის) მკურნალობა ლაქტაციის პერიოდში, მწვავე პარაპროქტიტი (ახალშობილებში), ბუასილი (ჰემოროი) ბავშვებში, ბუასილი (ჰემოროი) და ანალური სექსი