სელი

♥♥ სელის ზეთის გამოწერა
 სელის თესლი ცხიმოვანი  მჟავების –  ომეგა-3, ომეგა-6 და ომეგა-9-ის ყველაზე მდიდარი ბუნებრივი მცენარეული წყაროა. სელის თესლის ზეთი –  2-ჯერ მდიდარია ომეგა-3  ცხიმოვანი მჟავებით, ვიდრე თევზის ქონი. თუ გსურთ სელის ზეთის  flaxseed oil გამოწერა  ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან“ დააკლიკეთ წინამდებარე ჟოლოსფერ ტექსტს; გადახვალთ ,,ამაზონის“ სელის ზეთის – flaxseed oil ქვეგანყოფილებაში, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების სანდო პროდუქცია >>>

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”


სელი

ლალი დათეშიძე, ვასილ შენგელია

სელი – Лен обыкновенный – რუს.; Cultivated flax – ინგლ.; Echter Lein – გერმ.; Lin cultive – ფრანგ.

სელის ოფიცინალური სახეობაა მხოლოდ ჩვეულებრივი სელი – Linum usitatissimum L., მაგრამ ჰომეოპათიაში არაოფიცინალურ სახეობას – Linum catharticum L. საფაღარათო სელსაც  იყენებენ.

სელი  – ზოგადი დახასიათება 

ჩვეულებრივი სელი – Linum usitatissimum L. მიეკუთვნება Linaceae – ს ოჯახს. იგი ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო სწორმდგომია, ხშირფოთლიანი, 60-120 სმ, იშვიათად 150 სმ სიმაღლის.
ფოთლები ხაზურაა ან ხაზურა-ლანცეტისებურია, წაწვეტებული, 3 ძარღვიანი, მჯდომარე, მთლიანი, 2-3 სმ სიგრძის და 2-4 მმ სიგანის, დაფარულია ცვილის ნაფიფქით.

ყვავილები ღეროს წვეროზე შეკრებილია საგველად. ყვავილი წვრილსა და გრძელ ყვავილის ყუნწებზეა განლაგებული. ყვავილის ფურცელი 5-ია, უკუკვერცხისებრი, ლურჯი ან მოცისფრო-ლურჯი; იგი ჯამზე უფრო გრძელია.

ნაყოფი მრავალთესლიანი სფეროსებრი კოლოფია, იხსნება ხუთ ადგილას. თესლები ღია დარიჩინისფერია, მბზინავი, შესველებისას ლორწოიანდება. თითოეულ კოლოფში 10-მდე თესლია. ყვავილობს ივნის-აგვისტოში. მწიფდება სექტემბერში.

სელი  – გავრცელება 

ჩვეულებრივ სელი კულტურული მცენარეა. მის მოშენებას აწარმოებს მრავალი ქვეყანა. სელის კულტურული სახეობა უძველესი ბოჭკოვანი მცენარეა, რომელსაც აწარმოებენ ევროპის ქვეყნებში, ხმელთაშუა ზღვისა და სამხრეთ-დასავლეთ აზიის რაიონებში.

საქართველოს ფლორაში აღწერილია ველურად მოზარდი სელის 5 სახეობა. ოფიცინალური სახეობა ბუნებრივად კი არ გვხვდება. სელის სხვადასხვა სახეობები გვხვდება ნათესებსა და ნაგავზე, როგორც სარეველა.

სელი  – ნედლეული 

ნედლეულია სელის თესლი – Semen Lini. სელის თესლები კვერცხისებრი ფორმისაა, ერთი მხრიდან წაწვეტებული, მეორედან – მომრგვალებული. სიგრძით 6 მმ-მდე, სისქით – 3 მმ. თესლის ზედაპირი გლუვია, პრიალა, ღია ყავისფერი. უსუნოა, ლორწოვან-ზეთოვანი გემოთი.

ზეთის მისაღებად თესლს წინასწარ ამტვრევენ სპეციალური მანქანით. სელის ზეთს იღებენ დამტვრეული თესლების ცხელი დაწნეხვით. იგი ქარვისფერი, ადვილად შრობადი, გამჭირვალე სითხეა; აქვს სპეციფიკური სუნი და გემო.

სამხრეთის რეგიონების, მათ შორის სამცხის ზეთი, ნაკლებ შრობადია და სამედიცინო და საკვები მიზნით იყენებენ. ჩრდილოეთის ქვეყნებში მოწეული სელის ზეთი სწრაფად შრება. მათ ტექნიკაში იყენებენ. სელის ზეთის მჟავური რიცხვი 5-ს არ უნდა აღემატებოდეს.

სელი  – ქიმიური შემადგენლობა

სელის ყველა სახესხვაობის თესლი  შეიცავს ლორწოვან ნივთიერებებს (10%), შრობად ცხიმოვან ზეთებს (30-40%), ცილოვან ნივთიერებებს (18-33%),  ენზიმებს, სტერინებს, ციანოგენურ გლიკოზიდ ლინამარინს (1,5%) და მინერალურ ნივთიერებებს.         ლორწოს ჰიდროლიზისას მიიღება არაბინოზა, ქსილოზა, გალაქტოზა, რამნოზა, გალაქტურონის მჟავა.

საერთოდ, შემადგენლობა მკვეთრად იცვლება ჯიშების და განსაკუთრებით მოშენების რეგიონების მიხედვით. მაგ., მცენარის ჩრდილოეთისაკენ გადაადგილების თესლის  შემადგენლობაში პირდაპიროპორციულად   მატულობს  ლინოლისა და ლინოლენის მჟავების ტრიგლიცერიდების, აგრეთვე იოდის რაოდენობა.

[9]: “ცხიმი შედგება ოლეინის, ლინოლის, ლინოლენის მჟავების ტრიგლიცერიდებისაგან, მცირე რაოდენობით არის ნახევრად უჯერი ცხიმოვანი მჟავები (არაქიდინის და სხვა.) თესლებში ზეთის შემცველობა მერყეობს 24-44% ფარგლებში, რაც დამოკიდებულია სელის სახესხვაობაზე, ზრდის კლიმატურ-გეოგრაფიულ პირობებზე, ნიადაგზე. კიდევ უფრო დიდი განსხვავება შეიმჩნევა ზეთის თვისობრივ შემცველობაშიც”.

სელის კულტივირება

ნიადაგის შერჩევა და მომზადება

სელი ნესტის მოყვარული მცენარეა, რომელიც კარგად ვითარდება ზომიერი კლიმატის პირობებში, შერჩეული ნაკვეთი დაცული უნდა იყოს ქარებისაგან. გამოუსადეგარია ბორცვიანი ადგილები, აგრეთვე ჩაღრმავებული ადგილები. მოსავლიანობის გაზრდის მიზნით მნიშვნელოვანია ნოყიერი ნიადაგების შერჩევა ან მათი განაყიერება. ერთი და იგივე ადგილას სელის მოშენება რეკომენდებულია 6-7 წელს.

სელის კულტურისათვის გამოუსადეგარია ქვიშიანი, მსუბუქი ნიადაგები, ასევე თიხნარი და კირიანი, ტორფიანი ნიადაგები.

შერჩეულ ნიადაგს ღრმად დაამუშავებენ და გაწმინდავენ სარეველებისგან. გაზაფხულზე ნიადაგს გააფხვიერებენ და ზედაპირს მოასწორებენ. ნიადაგის განოყიერება უმჯობესია წინამორბედი კულტურის ქვეშ მოხდეს. განოყიერება მიზანშეწონილია ნაკელითა და მინერალური სასუქებით. მინერალური სასუქებიდან რეკომენდირებულია სუპერფოსფატის გამოყენება. მიზანშეუწონელია აზოტოვანი სასუქების გამოყენება.

ძალზე სასარგებლოა ხის ნაცარის გამოყენება, რომელიც შეიცავს კალიუმს, ფოსფორმჟავას და კირს.

სელი მიეკუთვნება ისეთ კულტურას, რომელიც ვეგეტაციის შემდეგ ნიადაგს სტოვებს საკვები ნივთიერებებისაგან გამოფიტულ. ამიტომ, სელის ნაკვეთი მოსავლის აღების შემდეგ უნდა განოყიერდეს, რათა მეორე წელს მოსავლიანობა მაღალი იყოს.

სელის გამრავლება

სელის გამრავლება შესაძლებელია თესლით. თესლი უნდა იყოს წინაწარ კარგად გასუფთავებული, მასში არ უნდა ერიოს სხვა მცენარეთა და სარეველების თესლები. თესლის ხარისხს განსაზღვრავს თესლის სისუფთავის ხარისხი და აღმოცენების უნარი.

დათესვის ნორმაა 36-46 კგ/ჰა-ზე. დათესვა ხდება თესლის მობნევით. ჩათესვის სიღრმეა 1-2 სმ. დათესვა შესაძლებელია ადრე გაზაფხულზე, ჰაერის დათბობის შემდეგ. დათესვის შემდეგ ნიადაგის ზედაპირს მოასწორებენ, რაც ხელს უწყობს აღმოცენების თანაზომიერ განვითარებას.

აღმონაცენი შესამჩნევი გახდება 4-10 დღეში. წვიმების შემთხვევაში ნიადაგის ზედაპირზე ქერქის წარმოქმნისას საწიროა მისი ზედაპირის მოსწორება, რათა აღმონაცენის განვითარება არ შეფერხდეს.

სელის მოვლა

მოვლის ღონისძიებებიდან აღსანიშნავია გამარგვლა. გამარგვლა საჭიროა ფრთხილად, რათა ახალგაზრდა აღმონაცენი არ დაზიანდეს. პირველ გამარგვლას აწარმოებენ, როდესაც მცენარის სიმაღლე 9-13 სმ-ია. თესლის მომწიფებამდე პერიოდი 14-15 კვირას გრძელდება.

სელი  – ნედლეულის შეგროვება

სელის მოსავლის აღებას იწყებენ ნაყოფების ტექნიკური სიმწიფისას. იღებენ კომბაინებით, აშრობენ და ასუფთავებენ გადამამუშავებელ სპეციალურ პუნქტებში, სადაც არის მაშრობი აგრეგატები და სხვა ტექნიკური აღჭურვილობა. თესლებს გამოცეხვავენ და მიჰყავთ სათანადო კონდიციამდე.

სამკურნალო ნედლეულს წარმოადგენს სელის თესლი. მას აგროვებენ ყვითელი სიმწიფის ფაზაში. სელის შეგროვება შესაძლებელია მექანიზებულად, რომლის დროსაც ძირიანად თხრიან მას, შეკრავენ ძნებად და აშრობენ. გამშრალ ნაყოფებს გალეწავენ.

ნედლეულს გააჩნია შემდეგი სახე: იგი კვერცხისებრი ფორმისაა, ერთი ბოლო წამახვილებულია, მეორე მხარე მომრგვალებული. თესლის სიგრძე 4-6 მმ-ია, სიგანე 2-3მმ. თესლის ზედაპირი მბზინავია, ლუპით შეიმჩნევა წვრილი ამოზნექილობა, თითქმის გლუვია, მოყვითალო-მურა, ღია ყვითლად გამოხატული თესლის ნაწიბურით. შესველებისას თესლები ლორწოიანდება. სუნი არა აქვს, გემო ლორწოვან-ზეთოვანია.

_____________________________________________

სელის გამოყენება ოფიცინალურ მედიცინაში

ამზადებენ Mucilago seminis Lini, რომელიც გამოიყენება როგორც შემომგარსველი საშუალება. ოფიცინალური მედიცინა იყენებს თესლის ქატოს (Farina Lini). ქატოს ასველებენ ცხელი წყლით და ცხელ საფენებს იდებენ დამწვარ კანზე, როგორც დამარბილებელს. იყენებენ ლინიმენტების სახითაც. სელის ზეთებიდან ამზადებენ პრეპარატ ლინეთოლს.

[9]: „სელის ზეთისაგან მზადდება პრეპარატი ლინეთოლი. ის წარმოადგენს უჯერი ცხიმოვანი მჟავების ეთილის ეთერების ჯამურ პრეპარატს, ნაჯერი მჟავების მცირე მინარევით (9-11%). ადრე ლინეთოლს უნიშნავდნენ ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის – შიგნით მისაღებად და დამწვრობისა და კანის სხივური დაზიანებისას – გარედან.

ამჟამად დადგენილია, რომ მცენარეული ესენციალური – შეუცვლელი უჯერი ცხიმოვანი მჟავები – ოლეინის, პალმიტინის, ლინოლის, ლინონელის, რომელიც მცირეა ცხოველურ ზეთებში, მათშივე არსებულ ფიტოსტერინებთან ტოკოფეროლთან (ვიტამინი F) ერთად თრგუნავენ ათეროსკლეროზის განვითარებას.

ისინი ამავდროულად ადამიანის ორგანიზმში წარმოადგენენ პროსტაგლანდინების სინთეზის ბუნებრივ წინამორბედებს. პროსტაგლანდინები კი მოქმედებენ ცხიმოვან ცვლაზე, აგანიერებენ ბრონქებსა და საშვილოსნოს, ამცირებენ ინფარქტის რისკს. ლინეთოლი შედის რამდენიმე აეროზოლურ პრეპარატში, ამზადებენ ლინეთოლის 5% საცხსაც.“

____________________________________________

სელის გამოყენება ემპირიულ მედიცინაში

დაავადებები, სიმპტომები, სინდრომები

ნედლეული

ემპირიული რეცეპტი

სისხლის მიმოქცევის ორგანოების დაავადებები

ათეროსკლეროზი

სელის თესლი

შიგნით მისაღებად რეკომენდირებულია 1-2 სუფრის კოვზი სელის თესლების მიღება, ცოტაოდენი წყლის დამატებით

რევმატიული დაავადებები

ართრალგია

სელის თესლი

სუნთქვის ორგანოების დაავადებები

სუნთქვის ორგანოთა ანთებითი დაავადებები

სელის თესლი

შიგნით მისაღებად რეკომენდირებულია 1-2 სუფრის კოვზი სელის თესლების მიღება, ცოტაოდენი წყლის დამატებით

საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებები

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოთა ანთებითი დაავადებები

სელის თესლი

შიგნით მისაღებად რეკომენდირებულია 1-2 სუფრის კოვზი სელის თესლების მიღება, ცოტაოდენი წყლის დამატებით

ყაბზობა

სელის თესლი

2 სუფრის კოვზ თესლ დაასხამენ 1 ჭიქა წყალს, შემდეგ შეანჯღრევენ ნარევს და გაწურავენ მარლაში. სვამენ ნახევარი ჭიქის ოდენობით ერთხელ დღეში

წყლულოვანი დაავადება

სელის თესლი

შიგნით მისაღებად რეკომენდირებულია 1-2 სუფრის კოვზი სელის თესლების მიღება, ცოტაოდენი წყლის დამატებით

გასტრიტი

სელის თესლი

შიგნით მისაღებად რეკომენდირებულია 1-2 სუფრის კოვზი სელის თესლების მიღება, ცოტაოდენი წყლის დამატებით

ნაღვლგამომყოფი გზების კოლიკა

სელის თესლი

შიგნით მისაღებად რეკომენდირებულია 1-2 სუფრის კოვზი სელის თესლების მიღება, ცოტაოდენი წყლის დამატებით

თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებები

შარდგამომყოფი გზების ანთებითი დაავადებები

სელის თესლი

2-3 სუფრის კოვზ მცენარის თესლებს დაასხამენ 1 ლიტრ ცივ წყალს, გააჩერებენ 5 საათი, გაწურავენ.

კანისა და ვენერიული დაავადებები

იმპეტიგო

სელის თესლი

ფურუნკულები

სელის თესლი

ქირურგიული დაავადებები

ჭრილობები

სელის თესლი

დამწვრობა

სელის თესლი

სელის თესლისგან მიღებული ზეთის საფენები

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები

ანგინა

სელის თესლი

 


ლიტერატურა:

  1. ლალი დათეშიძე. საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. „მეცნიერება:. თბილისი.2000 წ. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID – ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom)
  2. Lali Dateshidze and co – authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
  3. ლალი დათეშიძე. სელი თერჯოლა 1997. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID – ის რესურსებით
  4. ლალი დათეშიძე. სელი „სამკურნალო მცენარეთა ინსტიტუტი“. თბ., 2000წ. ევრაზიის ფონდი..USAID – ის რესურსებით, მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO(British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom).
  5. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; „ქართული სამედიცინო ენციკლოპედია“. მეორე დეპო – გამოცემა. ჟურნალი „ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა“. N:28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  6. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. „ქართული სამედიცინო ენციკლოპედია“. თბილისი, 2005. „ტექინფორმის“ დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  7. ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980
  8. Lali Dateshidze, Vasil Shengelia. Linium . ,,Plants Science”, 2009 წ. .
  9. ლინა ერისთავი. „ფარმაკოგნოზია“. თბ., 2005
  10. ქსე
  11. შენგელია ზურაბ.სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში – თბ.: საბჭ. საქართველო, 1983
  12. საქართველოს ფლორა. I – XI ტომი. თბილისი. 1971 – 1987 წ.
  13. დამატებითი ინფორმაციები, სტატიის შემდგომი განვითარება და განხილვები საიტებზე: http://www.medgeo.net

______________________________________

გადასვლა >>> 1. ქოლესტერინი 2. ,,სამკურნალო, დეკორატიული, ტექნიკური და თანამდევი მცენარეები – წარმოება, გამოყენება, მარკეტინგი”
..