ნაკბენის მოვლა

ცხოველის ნაკბენი

გააფრთხილეთ თქვენი ბავშვები, ნუ ითამაშებენ უცხო ცხოველებთან და ნუ მიუახლოვებენ სახეს. ასწავლეთ ბავშვებს ნაცნობ
ცხოველებსაც კი წყნარად ეთამაშონ და ნუ დააფრთხობენ მათ შეძახილებითა და მოულოდნელი მოძრაობებით. ნუ დატოვებთ ბავშვებს მარტო უცნობ ძაღლებთან და სხვა პოტენციურად საშიშ ცხოველებთან.

ცოფის მიზეზი შეიძლება გახდეს გარეული ძაღლის, კატის, მელიის, კოიოტის, სინდიოფალას, ღამურას კბენა. ცოფზე უნდა ვიფიქროთ, თუ შინაური ცხოველი იყო ავად, ან თუ ცხოველის აგრესია არ იყო ძალით გამოწვეული. მღრღნელები (თაგვი, ვირთხა, ციყვი, კურდღელი და სხვ.) ჩვეულებრივად, არ არიან ცოფის გადამტანები.

ცხოველის ნაკბენის შემთხვევაში, მათ შორის იმ სიტუაციებშიც, როცა დანამდვილებით არ იცით შეიძლება თუ არა ყოფილიყო ამა თუ იმ ცხოველის ნაკბენი ცოფის გამომწვევი, აუცილებლად უნდა მიმართოთ ჯანდაცვის სამსახურს (მაგ. თქვენს ექიმს, სანიტარულ ეპიდემიურ სადგურებს, ჯანდაცვის საქალაქო/რაიონულ განყოფილებებს). თუ არსებობს ეჭვი ცოფზე, შეეცადეთ ცხოველი ამყოფოთ იზოლაციაში დაკვირვების ქვეშ მინიმუმ ათი დღე.

    ექიმს უნდა მივმართოთ დაუყონებლივ, თუ

  • ცხოველი შეიძლება იყოს ცოფის მატარებელი;
  • ჭრილობას ესაჭიროება გაკერვა;
  • ცხოველი ავადაა ან კბენა არ იყო ცხოველის გაღიზიანებით გამოწვეული;
  • ნაკბენი სახეზე ან კიდურებზეა, რაც არ უნდა უმნიშვნელოდ გამოიყურებოდეს ის;
  • ნაკბენმა ღრმა, მიმდებარე ქსოვილები ძალიან დააზიანა, იყო მნიშვნელოვანი სისხლდენა.

თუ ექიმისათვის მაშინვე არ მიგიმართავთ, რადგან დარწმუნებული იყავით ცხოველის საიმედობაში, მაინც მიმართეთ, თუ

  • ჭრილობა არის წითელი, მკვრივი, შეშუპებული, ჩირქმდენი;
  • ბავშვს აქვს ცხელება;
  • ამოეწურა ტეტანუსის იმუნიზაციის ვადა.

რისი გაკეთება შეგიძლიათ

ნაკბენი ადგილი კარგად უნდა გაწმინდოთ. თუ ჭრილობიდან სისხლი სდის, შეწყვიტეთ იგი ზეწოლით. თუ სისხლდენა არ არის, მობანეთ ზედაპირი საპნითა და წყლით მინიმუმ 5 წუთი. შეამოწმეთ ტეტანუსის იმუნიზაციის მდგომარეობა და დარწმუნდით მის ქმედითობაში. თუ არის ცოფის საშიშროება, მაგრამ ცხოველის ავადმყოფობის მდგომარეობა უცნობია, შეეცადეთ, რომ ცხოველი დაიჭირონ და ამყოფონ იზოლაციაში 10 დღე.

მწერის ნაკბენი

მწერებთან და მათ ნაკბენებთან დაკავშირებული პრობლემები ძირითადად წელიწადის თბილ პერიოდს უკავშირდება.

მწერის ნაკბენით ადამიანზე გადადის ისეთი დაავადებები, როგორიცაა: ლეიშმანიოზი, მალარია. გარდა ამისა, უბრალო კბენის შედეგად შესაძლოა ბავშვს სხვადასხვა სირთულის ალერგიული რეაქცია განუვითარდეს, რომელთა სიმძიმე დამოკიდებულია არა მარტო მწერის სახეობაზე, არამედ თავად ბავშვის ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე. ამიტომ, პირველ რიგში, საჭიროა აქტიური ბრძოლა დაავადების გადამტან მწერებთან (ღია წყალსაცავების, გუბურების, მიტოვებული შენობების, გამოქვაბულებისა და ცხოველთა სოროების დამუშავება სპეციალური ნივთიერებებით – ინსექტიციდებით). აგრეთვე, მწერების გააქტიურების სეზონზე, განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროებათ იმ ბავშვებსა და მოზარდებს, რომლებთაც ალერგიული რეაქციები ადრეც ჰქონიათ. მათ აუცილებლად უნდა ეცვათ ტანსაცმელი, რომელიც მთლიანად დაფარავს სხეულს, განსაკუთრებით საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ. არსებობს მწერების დამაფრთხობელი სპეციალური საშუალებები _ რეპელენტები, კანზე წასასმელი დამცავი კრემები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია დაკბენის თავიდან აცილება.

თუ მწერმა მაინც უკბინა:

  • და ნაკბენში ნესტარია ჩარჩენილი, რაიმე ბრტყელი სწორი საგნით ამოიღეთ ისე, რომ არ დააწვეთ მაგრად;
  • ნაკბენი დაამუშავეთ ცივი წყლითა და ტამპონით – ეს ტკივილს შეამცირებს (სურ.17);
  • ექიმთან შეთანხმებით გამოიყენეთ ადგილობრივი მოქმედების ანტიალერგიული მალამო, რომელიც ქავილისა და წვის შეგრძნებას შეამცირებს, შესიებას დააცხრობს.

აღებულია: http://www.genesis.org.ge/brochure33/brochure33.htm#1

_________________________________________________________

გადასვლა >>> ,,ბავშვი”

..