კბილების რესტავრაცია ბავშვებში

კბილების რესტავრაცია ბავშვებში

ექიმი-სტომატოლოგები მშობლებს ამცნობენ, რომ სარძევე კბილები გარკვეულ ვადებში უნდა მოიცვალოს. სარძევე კბილებს კი მუდმივი კბილები ცვლიან. >>>>

თუ კბილების მოცვლის პროცესი პათოლოგიის გარეშე მიმდინარეობს, შედეგად ბავშვი იღებს იდეალურ კბილთა რიგს კბილების საჭირო რაოდენობით. ეს მნიშვნელოვან როლს ასრულებს მიმიკური და საღეჭი კუნთების ჰარმონიული განვითარებისთვის და ღეჭვის პროცესისთვის. სხვადასხვა გარემოებების გავლენით ისე ხდება, რომ ბავშვები სარძევე კბილებს კარგავენ დროზე ადრე, ხოლო გათავისუფლებული ადგილის დაკავებას მეზობლად მდებარე კბილები ცდილობენ. პირის ღრუში პოზიციების ასეთმა შეცვლამ შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი კბილის ჩანასახის დაზიანება. ასეთი ვითარების თავიდან ასაცილებლად ზოგჯერ აუცილებელი ხდება სარძევე კბილების რესტავრაცია.

ვინირები და გვირგვინები 

ბავშვების კბილების რესტავრაციის არაპირდაპირი მეთოდია ვინირებისა და გვირგვინების დამზადება. ვინირები მაგრდება წინა კბილებზე, ხოლო გვირგვინები საღეჭ კბილებზე. ვინირები და გვირგვინები ლაბორატორიულ პირობებში მზადდება და შემდგომ მაგრდება დაზიანებულ კბილებზე. ვინირების დასამზადებლად ბავშვთა სტომატოლოგი ქლიბავს კბილს, იღებს ანაბეჭდს, რომლის მიხედვით ლაბორატორიაში ამზადებენ ვინირებს. ისინი შემდეგ მაგრდება კბილებზე. ასეთი რესტავრაცია ძალიან ხანგრძლივია, მაგრამ აქვს ერთი მინუსი – მცირე რაოდენობით იქლიბება კბილების ჯანმრთელი ქსოვილიც.

ბავშვებში კბილების წარმატებული რესტავრაცია, განსაკუთრებით სარძევე თანკბილვის პერიოდში, ბავშვთა სტომატოლოგისთვის რთული ამოცანაა. აუცილებელია დავიცვათ ძირითადი წესი – ყველა სტომატოლოგიური მანიპულაცია უნდა შესრულდეს მაღალ დონეზე, რომ განმეორებითი რესტავრაცია საჭირო არ გახდეს სარძევე კბილების ბუნებრივ მოცვლამდე.

ამჟამად, ბავშვთა სტომატოლოგიაში გვირგვინებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო მასალად ითვლება ქრომ-კობალტის შენადნობი (ასეთ გვირგვინს უბრალოდ ლითონის გვირგვინს უწოდებენ). მშობლებმა არ უნდა ინერვიულონ, რომ ასეთი გვირგვინი ესთეტიკურად არ გამოიყურება. ეს ასე არ არის: ლითონის გვირგვინები მაგრდება მოლარებზე (ძირითადი კბილები) და შეუმჩნეველია ბავშვის პირის ღრუში. მით უმეტეს, რომ მუდმივი კბილების ამოსვლის დროს ლითონის გვირგვინი მოცილდება ბავშვის პირის ღრუდან. სტომატოლოგები სწორედ რომ ლითონის გვირგვინს გვირჩევენ, რადგან იგი უფრო გამძლეა.

ასეთი გვირგვინები ლაბორატორიაში არ მზადდება. სტომატოლოგიურ პრაქტიკაში არსებობს სტანდარტული ლითონის გვირგვინების სპეციალური ნაკრებები, რომლებსაც ექიმი-სტომატოლოგი არგებს ბავშვის კბილის ზომასა და ფორმას. ლითონის გვირგვინებით რესტავრაცია ხდება ერთ ვიზიტზე, რაც ბავშვის მაქსიმალურად კომფორტულ მკურნალობას უზრუნველყოფს.

ლითონის გვირგვინების გამოყენების ჩვენებებია:

რესტავრაცია პულპიტის მკურნალობის შემდეგ;

რესტავრაცია კბილის რამდენიმე ზედაპირის მნიშვნელოვანი დაშლის დროს;

რესტავრაცია მაღალი კარიესული აქტიურობის დროს;

მოტეხილი სარძევე მოლარების რესტავრაცია;

ბრუქსიზმი;

მუდმივი მოლარების ჰიპოპლაზია.

ლითონის გვირგვინები ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მასალაა სარძევე კბილების რესტავრაციისთვის. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მინაიონომერული ცემენტებისგან, ამალგამისა და კომპოზიციური საბჟენი მასალებისგან დამზადებული ბჟენების გამოყენებამ სარძევე კბილებში არ გაამართლა – შემთხვევათა 87%-ში აღნიშნული მასალებისგან დამზადებული ბჟენები შესაცვლელი ხდება კბილების ფიზიოლოგიურ მოცვლამდე. ბავშვებში ლითონის გვირგვინების გამოყენებამ უფრო უკეთესი შედეგები მოგვცა – შემთხვევათა მხოლოდ 4%-ში ხდება საჭირო გვირგვინის შეცვლა მუდმივი კბილების ამოსვლამდე.

გვირგვინებით რესტავრაციის მეთოდიკა 

ექიმი-სტომატოლოგი სპეციალური სტომატოლოგიური ნაკრებიდან ისეთ ლითონის გვირგვინს ირჩევს, რომელიც მთლიანად ფარავს კბილის ტაკვს. თანამედროვე ნაკრებებში ყველა გვირგვინი აღჭურვილია შიფრით კბილების ნომრების მიხედვით, რათა სწრაფად შეირჩეს საჭირო გვირგვინი. ექიმმა ყოველთვის უნდა იხელმძღვანელოს ორი წესით:

სწორად განსაზღვროს გვირგვინის სიმაღლე;

გვირგვინის ღრძილის კიდე ზუსტად უნდა იმეორებდეს კბილის ყელის მიდამოს ანატომიურ ფორმას.

საჭიროების შემთხვევაში გვიგვინს აპატარავებენ, რათ მან ხელი არ შეუშალოს კბილების ნორმალურ შეთანასოვნებას. ზედმეტ ლითონს აცილებენ სპეციალური მაკრატლით. ფორმირების შემდეგ ლითონის გვირგვინი მოწმდება ბავშვის პირის ღრუში და პრიალდება სპეციალური პასტით.

ბავშვთა ასაკში კბილების რესტავრაცია რთული პროცესია, რომელიც მოთმინებას საჭიროებს ექიმისა და პატარა პაციენტის მხრიდან. ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი კარგი ესთეტიკური შედეგის მიღწევა ერთ ვიზიტზე.

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

______________________________________

გადასვლა >>> ,,სტომატოლოგია”

გადასვლა >>> ,,ბავშვი”

..