აქტინომიკოზი

კანის აქტინომიკოზი (actinomycosis of skin) – ღრმა ფსევდომიკოზის ყველაზე ხშირი ფორმაა. გამომწვევია სხივისებრი სოკოები – აქტინომიცეტები. კანში ინფექციის შეჭრის მიხედვით განასხვავებენ პირველად და მეორად აქტინომიკოზს. პირველადი აქტიმომიკოზის დროს დაინფიცირება ხდება ეგზოგენურად (კანის საფარველის დაზიანებისას), მეორადის დროს გამომწვევი კანში აღწევს სხვა დაზიანებული ორგანოებიდან კონტაქტური ან ლიმფურ-ჰემატოგენური გზით. აქტინომიკოზი ხშირად ლოკალიზდება ყბისქვეშა და გავა-დუნდულოების მიდამოებში. ყველაზე უფრო ხშირი კვანძოვანი (კვანძოვან-გუმოზური) ფორმის დროს ვითარდება ღრმა, მკვრივი, მცირედ მოძრავი, უმტკივნეულო, შემოფარგლული ინფილტრატები, რომლებიც დროთა განმავლობაში ღებულობენ მოლურჯო-წითელ შეფერვას, აბსცენდირდებიან და იხსნებიან რამდენიმე წვრილი ფისტულით. პროცესი ქრონიკულია; ხდება ძველი ფისტულების დანაწიბურება და ახლების წარმოქმნა, ასევე შვილეული კერების წარმოქმნა.

ხორკლისებრი ფორმა გამოირჩევა წვრილი კერების შედარებით ზედაპირული მდებარეობით, რომლებიც მიდრეკილნი არიან ზრდისადმი. წყლულოვანი ფორმები წარმოიქმნებიან კვანძოვანი ინფილტრატების ვრცელი აბსცენდირებისას, არასწორი წყლულების წარმოქმნით, რომელთაც გააჩნიათ რბილი მოლურჯო ფერის კიდეები და უსწორმასწორი ფსკერი, ნეკროზული ნადებითა და დუნე გრანულაციებით. დიაგნოსტიკა ეყრდნობა კლინიკურ სურათს, აქტინომიცეტების აღმოჩენას ჩირქის მიკროსკოპიის დროს და გამომწვევის კულტურის მიღებას. ზოგჯერ საჭირო ხდება ჰისტოლოგიური გამოკვლევა. კვანძოვან-გუმოზური ფორმის დიფერენცირება საჭიროა სიფილიზური გუმისაგან, სკროფულოდერმისაგან, ათერომებისაგან.

აქტინომიკოზის მკურნალობატარდება აქტინომიკოზის თერაპიის ზოგადი პრინციპების შესაბამისად.

კანისა და ვენერიული დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

2. ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

აქტინომიკოზი – (კანისა და ვენ. დაავ.) ღრმა მიკოზის ერთ – ერთი ყველაზე ხშირი სახესხვაობა (გამომწვევები – სხვადასხვა სხივისებრი სოკოები). დასნებოვნების ყველაზე სავარაუდო გზა – ენდოგენური, როდესაც პირის ღრუში მობინადრე აქტინომიცეტები – საპროფიტები, იძენენ პარაზიტულ თვისებებს. უხშირესად აღინიშნება ე.წ. კისერ – ყბა – სახის აქტინომიკოზი, იშვიათად ფილტვის და ნაწლავური. სიმპტომები. ტიპიურ შემთხვევებში აქტინომიკოზი ხასიათდება ქვედა ყბის მიდამოში მოლურჯო – წითელი შეფერილობის ხისებრი სიმკვრივის ანთებითი ინფილტრატების განვითარებით, კისერზე და ლოყებზე გავრცელების მიდრეკილებით. შემდგომში ვლინდება დარბილება, ფლუქტუაცია, ყალიბდება დიდი ხნის განმავლობაში შეუხორცებადი ფისტულები. პროცესი ატარებს ქრონიკულ ხასიათს.

.