პროქტიტი

პროქტიტიპროქტიტი (proctitis; ბერძ. Proktos უკანა გასავალი, სწორი  ნაწლავი + – it is) – სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება.
ხშირ შემთხვევაში პროქტიტი შერწყმულია სიგმოიდური ნაწლავის ანთებით ცვლილებებთან –  პროქტოსიგმოიდიტი.

პროქტიტის განვითარების მიზეზები

დაავადების განვითარებაში ბევრ სხვადასხვა ფაქტორს ენიჭება მნიშვნელობა, მათ შორის:
➤ ალიმენტური პროქტიტი, რომელიც ვითარდება ცხარე საკვების, სანლებლებისა და ალკოჰოლის დიდი დოზებით გამოყენების შედეგად;
➤ გონორეული პროქტიტი;
➤ შეგუბებითი პროქტიტი, გვხვდება იმ პირებში, რომელთაც სწორი ნაწლავის კედელში ვენების შეგუბებისა და ლორწოვანი გარსის ტრავმატიზაციის ფონზე აღენიშნებათ შეკრულობა;
➤ რადიაციული პროქტიტი – მენჯის ღრუს ორგანოების ავთვისებიანი სიმსივნეების სხივური თერაპიის შედეგს წარმოადგენს;
➤ პარაზიტული პროქტიტი, გამოწვეული პარაზიტებით: დიზენტერიის ამება,  ტრიქომონადა, ბალანტიდები;

პროქტიტის განვითარება შესაძლოა განაპირობოს გადაცივებამ, სწორი ნაწლავისა და მეზობელი ორგანოების  დაავადებებმა, ბუასილი (ჰემოროი), ანალური ნახეთქები, პარაპროქტიტი, დუგლასის ფოსოს აბსცესი, პროსტატიტი, ცისტიტი, ვულვოვაგნიტი და სხვ.

სიმპტომები, მიმდინარეობა

კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით პროქტიტი იყოფა მწვავე და ქრონიკულ პროქტიტად.

მწვავე პროქტიტი

დამახასიათებელია უეცარი დასაწყისი, თან ახლავს ტემპერატურის მომატება, შემცივნება, ტენეზმები (ცრუ ჭინთვები) შეკრულობის ფონზე, სიმძიმისა და ძლიერი წვის შეგრძენება სწორ ნაწლავში. ის გვხვდება იშვიათად, თუმცა მძიმედ მიმდინარეობს სუბიექტური ადგილობრივი შეგრძნებების გამო.
მწვავე პროქტიტი შეიძლება გამოვლინდეს განსხვავებული მორფოლოგიური ფორმებით:
➤ კატარალურ-ჰემორაგიული ფორმისათვის დამახასიათებელია ნაწლავის ლორწოვანი გარსის ჰიპერემია და წერტილოვანი სისხლჩაქცევები
➤ კატარალურ-ჩირქოვანი ფორმის დროს აღინიშნება ლორწოვანის  ჰიპერემია მასზე ჩირქოვანი ნადებით
➤ კატარალურ-ლორწოვანი ფორმა ვლინდება  სწორი ნაწლავის ჰიპერემიულ ლორწოვან გარსსზე ლორწოს არსებობით
➤ პოლიპოზური ფორმა – ნაწლავის ლორწოვან გარსზე აღინიშნება პოლიპოზური წარმონაქმნები
➤ ეროზიული პროქტიტი ხასიათდება ნაწლავის ლორწოვან გარსის ეროზიული დაზიანებით, ხოლო წყლულოვანი ფორმა წყლულოვანი დეფექტების არსებობით.
➤ წყლულოვანი პროქტიტი ხასიათდება მრავლობითი ეროზიების არსებობით, ასევე შესაძლოა აღინიშნებოდეს სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის წყლულოვანი დაზიანება. წყლულოვანი პროქტიტი წარმოადგენს წყლულოვანი კოლიტის ნაირსახეობას, თუმცა განსხვავდება კლინიკური მიმდინარეობითა და მკურნალობის მეთოდით. წყლულოვანი პროქტიტის დროს პროცესი შესაძლოა არ ვრცელდებოდეს სწორი ნაწლავის ზევით.

დაავადებას გააჩნია დამახასიათებელი კლინიკური მიმდინარეობა.  განავლის ზედაპირზე ჩნდება წვეთის სახით სისხლი, რომლის შესაძლოა იყოს როგორც ნათელი შეფერილობის, ასევე მუქი შედედებული კოლტების სახით.
მოგვიანებით ვლინდება სისხლიანი ან სისხლიან-ლორწოვანი გამონადენი დეფეკაციის წინ ან ცრუ ჭინთვების დროს. ნაწლავის ფუნქციის დარღვევა არ ხდება და ავადმყოფი არ განიცდის ტკივილს.
პროქტიტისათვის დამახასიათებელია  წვის შეგრძნება, ქავილი აღინიშნება იშვიათად. რადიაციული წყლულოვანი პროქტიტი ხშირად ვითარდება წინამდებარე ჯირკვლის ან ქალის სასქესო ორგანოების სიმსივნის რენტგენოთერაპიიდან რამდენიმე თვის შემდეგ და არა მაშინვე.
ავადმყოფს უვლინდება სწორი ნაწლავიდან სისხლიანი გამონაყოფი, სიმძიმისა და  ზეწოლის შეგრძნება  ნაწლავზე და ცრუ ჭინთვები.

ქრონიკული პროქტიტი

მწვავე პროქტიტისაგან განსხვავებით, საკმაოდ  გავრცელებულია. ვითარდება თანდათანობით შეუმჩევნლად. ზოგადი სიმპტომატიკა არ ახასიათებს, ადგილობრივადაც სიმპტომები მკვეთრად არაა გამოხატული: მხოლოდ ქავილი ანალურ მიდამოში, სისველე ან წვის შეგრძნება,  ზოგჯერ ეს გამოვლინებები აღინიშნება ერთდროულად.
ხშირად ქრონიკული პროქტიტის გამოვლინებები იმდენად უმნიშვნელოა, რომ ავადმყოფი ერიდება ექიმთან მიმართვას და აგრძელებს ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
პროცესი კი თანდათანობით ვითარდება, ცხარე საკვების მიღებისას ძლიერდება წვის შეგრძნება სწორ ნაწლავში, ვლინდება ლორწოვანი ან ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი, ზოგჯერ წინა პლანზე გამოდის უკანა გასავლის მიდამოში ძლიერი ქავილი. ნაწლავის ფუნქციები ჩვეულებრივ არ ირღვევა.
ქრონიკული პროქტიტი შეიძლება მიმდინარეობდეს ჰიპერტროფული, ნორ­მოტროფული და ატროფიული ფორმით.
ჰიპერტროფიული პროქტიტის დროს ლორწოვანი გარსის ნაოჭები გასქელებული და ფაშარია, ნორმოტროფიული პროქტიტის დროს არაა შეცვლილი მორფოლოგია, ატროფიული ფორმის დროს კი ლორწოვანი გარსი განლეულია. გამოიყოფა ლორწოვანი გარსის ჰიპერემიისა და შეშუპების  სხვადასხვა ხარისხი.

გართულებები

ერთ-ერთი გართულებაა სწორი ნაწლავის შევიწროება

პროფილაქტიკა

პროქტიტის პროფილაქტიკა დაავადების დროულად გამოვლენასა მისი გამომწვევი მიზეზის მკურნალობას მოიცავს.

პროგნოზი

სწორი მკურნალობის შემთხვევაში მწვავე პროქტიტი მთავრდება გამოჯანმრთელებით. ქრონიკული პროქტიტის დროს პროგნოზი შედარებით მძიმეა, მეტნაკლებად ხშირია გამწვავებები, დისკომფორტი და ქავილი უკანა გასავლის მიდამოში.

რისი გაკეთება შეუძლია ექიმს პროქტიტის დროს?

ექიმი სვამს დიაგნოზს ანამნეზის, დათვალიერების, რექტალური გამოკვლევის და რექტოსკოპიის (რექტორომანოსკოპიის) საფუძველზე. ანთებითი ცვლილებების ხასიათისა და დონის განსაზღვრის მიზნით გამოიყენება ნაწლავის შიგთავსის ციტოლოგიური კვლევა, განავლის დათესვა ნაწლავური მიკროფლორის შემადგენლობის დასადგენად, ლორწოვანი გარსის ბიოფსია.
მწვავე პროქტიტის მძიმე ფორმების დროს (კატარალურ-ჩირქოვანი, ეროზიული, პოლიპოზური, წყლულოვანი) მკურნალობა მიმდინარეობს სტაციონარში.
ნაჩვენებია წოლითი რეჟიმი, დიეტა შეზღუდული რაოდენობის უჯრედისით, უნდა გამოირიცხოს კვებითი რაციონიდან ცხარე, შემწვარი კერძები, სანელებლები და ალკოჰოლი.
რაც შეეხება ანტიაანთებით თერაპიას (ანტიბიოტიკები, სულფანილამიდები) ინიშნება პრეპარატების მიმართ მიკროფლორის მგრძნობელობის მიხედვით.

 მკურნალობა

შესაძლოა ამბულატორიულად მოხდეს მკურნალობის  იგივე მეთოდების გამოყენებით, რაც მოწოდებულია მწვავე პროქტიტისათვის. ეფექტურია მიზანამიმართული კურორტული მკურნალობა.
ინიშნება ტალახის პროცედურები, ბორჯომისა და ესენტუკის  ტიპის ტუტე წყლებით ნაწლავების გამორეცხვა, რაც განაპირობებს ლორწოს მოცილებას და ააქტივებს მსხვილი ნაწლავს.
გამოიყენება კომპლექსური სამკურნალო ღონისძიებები, მიმართული შეკრულობის წინააღმდეგ (მასაჟი, მუცლის პრესის ვარჯიში, რათა მოხდეს დეფეკაციის რეფლექსის გამყარება, თუმცა არ შეიძლება სასაქმებელი საშუალებების გამოყენება.
დაავადების გართულების შემთხვევაში მკურნალობა (გამოხატული ნაწიბუროვანი შევიწროებები) ოპერაციულია.

რისი გაკეთება შეგიძლიათ თქვენ პროქტიტის დროს?

უკანა გასავლის მიდამოში რაიმე ტიპის დისკომფორტის გამოვლენისას, წვის ან ქავილის შეგრძნებისას დაუშვებელია თვითმკურნალობა ან უყურადღებოდ მიშვება იმ იმედით, რომ თავისით გაივლის.
ამასობაში შეიძლება პროცესი გაღრმავდეს და გამოიწვიოს გართულებები.  ასევე აუცილებლად უნდა მოხდეს პროქტიტის განმაპირობებელი ძირითადი დაავადების მკურნალობა.

არჩილ შენგელია. საავტორო უფლებები დაცულია


პროქტიტიFB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 პროქტიტი – სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება
⭕️ ხშირ შემთხვევაში პროქტიტი შერწყმულია სიგმოიდური ნაწლავის ანთებით ცვლილებებთან, რასაც პროქტოსიგმოიდიტი ეწოდება
🔎 დაავადების განვითარებაში ბევრ სხვადასხვა ფაქტორს ენიჭება მნიშვნელობა:
➡️ ალიმენტური პროქტიტი – ვითარდება ცხარე საკვების, სანლებლებისა და ალკოჰოლის დიდი დოზებით გამოყენების შედეგად;
➡️ გონორეული პროქტიტი;
➡️ შეგუბებითი პროქტიტი – გვხვდება იმ პირებში, რომელთაც სწორი ნაწლავის კედელში ვენების შეგუბებისა და ლორწოვანი გარსის ტრავმატიზაციის ფონზე აღენიშნებათ შეკრულობა;
➡️ რადიაციული პროქტიტი – წარმოადგენს მენჯის ღრუს ორგანოების ავთვისებიანი სიმსივნეების სხივური თერაპიის შედეგს;
➡️ პარაზიტული პროქტიტი – გამოწვეული პარაზიტებით;
👉 გაიგეთ მეტი პროქტიტის შესახებ სტატიიდან – https://bit.ly/3oo8JNZ
#პროქტიტი #პროქტიტისსიმპტომები #პროქტიტისნიშნები #პროქტიტისგართულებები #მწვავეპროქტიტი #ქრონიკულიპროქტიტი #პროქტიტისმკურნალობა #სწორინაწლავისანთება #პროქტოსიგმოიდიტი #ალიმენტურიპროქტიტი #გონორეულიპროქიტიტი #შეგუბებითიპროქტიტი #რადიაციულიპროქტიტი #პარაზიტულიპროქტიტი #პროქტიტისმიზეზები #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


ბმები:
კოლოპროქტოლოგია, ბუასილი, მწვავე ბუასილი, ქრონიკული ბუასილი, ჰემოროიდული კვანძები, ჰემოროიდული კვანძების თრომბოზი, ანალური ნაპრალი, ბუასილის (ჰემოროის) ნიშნები, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, პარაპროქტიტი, ანალური ქავილი, პერიანალური დერმატიტი, პროქტიტი, ბუასილის პროფილაქტიკა, ბუასილი და კვება, ბუასილი. ფიტოთერაპია, ბუასილის ქირურგიული მკურნალობა, სკლეროთერაპია, ინფრაწითელი კოაგულაცია, ლიგირება ლატექსის რგოლებით, კრიოთერაპია, ჰემოროიდექტომია, ლონგოს ოპერაცია, დეზარტერიზაცია, ჰემოროიდული არტერიების დეზარტერიზაცია, ბუასილის სკლეროთერაპია, ბუასილი ორსულობის დროს, ბუასილი და მშობიარობა, ბუასილის (ჰემოროის) მკურნალობა ლაქტაციის პერიოდში, მწვავე პარაპროქტიტი (ახალშობილებში), ბუასილი (ჰემოროი) ბავშვებში, ბუასილი (ჰემოროი) და ანალური სექსი

.